"პროექტის ფარგლებში დაცული იქნება მოქალაქეთა და ცხოველთა უფლებები.."

Batumi Daily

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ,,ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით მიუსაფარ ძაღლებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ნაწილად იქცნენ. სამწუხაროდ, მათი მოვლა-პატრონობის საკითხი სისტემურ დონეზე არც თუ ისე ეფექტიანია. საკითხი კომპლექსურია და მას გადაჭრა სჭირდება. პანდემიის პერიოდმა კი გვაჩვენა, რომ მათ ჩვენი მხარდაჭერა და მაქსიმალური მზრუნველობა სჭირდებათ. დღეს წარმოგიდგენთ სწორედ ისეთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაცული იქნება როგორც მოქალაქეთა, ასევე ცხოველთა უფლებები. ჩვენ ასევე მზად ვართ, არასამთავრობო სექტორთან ერთად, დავიწყოთ კამპანია ცხოველთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება და დავიცვათ მათი უფლებები” - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა. მერიის გეგმა ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმისა და სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობას ითვალისწინებს. რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, აქ იგეგმება ღია და დახურული არენების, ტრიბუნებისა და ცხენების სადგომის შესაბამისი დამხმარე ნაგებობები და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. "რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილია ველობილიკების, ინკლუზიური პარკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის." - წერია მერიის განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში