ცხრა არგუმენტი, რომელიც შეგიძლიათ დაუსახელოთ COVID-19-ის ვაქცინებისადმი სკეპტიკურად განწყობილებს

Tbilisi Daily

მაშინ, როდესაც აშშ-სა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო და უახლოეს დღეებში მას Moderna-ს ვაქცინაც შეუერთდება, კითხვა იმის შესახებ, გვექნება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უკვე ჰიპოთეტური აღარ არის. აშშ-ის ფედერალური მთავრობის განცხადებით, წლის ბოლომდე 20 მილიონამდე ამერიკელის ვაქცინაცია მოხდება. აპრილიდან კი დაიწყება ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანების აცრაც. თუმცა, რამდენიმე გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყოველი ათი ამერიკელიდან ოთხს კორონავირუსის ვაქცინის მიღება არ სურს (ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ აზრი შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ ბევრი ადამიანი აიცრება). დაახლოებით იგივე სურათია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. როდესაც საქმე ვაქცინების უსაფრთხოებას ეხება, ნამდვილად გვაქვს საფუძველი, რომ ამაში დარწმუნებული ვიყოთ. წარმოგიდგენთ ცხრა განმარტებას, რომელიც თამამად შეგიძლიათ დაუპირისპიროთ თქვენს იმ მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, რომელიც ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი. FDA-ს მიერ მინიჭებული ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ექსპერტი მეცნიერები თანხმდებიან რომ ვაქცინისგან მიღებული სარგებელი აჭარბებს მის რისკებს აშშ-ის საავადმყოფოებმა სამედიცინო პერსონალის აცრა 14 დეკემბერს დაიწყო, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისთვის მიცემული ავტორიზაციიდან ოთხი დღის შემდეგ. FDA-ს დასკვნა ეფუძნებოდა დამოუკიდებელი სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციას, რომელმაც ანალიზი ჩაუტარა კლინიკური ცდების მესამე, დასკვნითი ფაზის მონაცემებს. ამავე საბჭომ გასცა Moderna-ს ვაქცინის ავტორიზაციის რეკომენდაციაც. ეს პროცესი სტანდარტულია ნებისმიერი ვაქცინისთვის, მათ შორის გრიპის ვაქცინისთვის, რომელსაც ბევრი ადამიანი მსოფლიოში ყოველწლიურად იღებს. მრჩეველთა საბჭოს 22-დან 17 წევრი შეთანხმდა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის სარგებელი აჭარბებს იმ რისკებს, რომლებსაც შეიძლება ის ფლობდეს 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის. ოთხმა ექსპერტმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ერთი კი სხდომას არ ესწრებოდა. ამ ოთხ გამიჯნულ წევრს, როგორც თავად აღნიშნეს, მეტი მონაცემი სურდათ 16-17 წლის ასაკის ადამიანებში უსაფრთხოების შესახებ. მათ შორის ერთი, მოწყვლად ჯგუფებზე ჩატარებული მეტი კვლევის საფუძველზე მიღებულ დამატებით ორთვიან მონაცემებს ითხოვდა. თუმცა, არც ერთი მათგანი არ მიუთითებდა უსაფრთხოების რაიმე დიდ პრობლემაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება სცადა ვაქცინის შექმნის პროცესის პოლიტიზება, მაგრამ ავტორიზაციაზე ამას გავლენა არ მოუხდენია მთელი ზაფხულის განმავლობაში, პრეზიდენტი ტრამპი ვარაუდობდა, რომ კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნებოდა დაახლოებით არჩევნებისთვის. ასეთმა განცხადებებმა წარმოშვა შეშფოთება, რომ ფარმაცევტულ კომპანიებზე შეიძლება წნეხი განხორციელებულიყო. ამის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამ შეშფოთების შესამსუბუქებლად იშვიათი ნაბიჯი გადადგეს: სექტემბერში, ცხრა წამყვანმა მწარმოებელმა, მათ შორის Pfizer-მა და Moderna-მ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც პირობას დებდნენ, რომ უსაფრთხოებას ისინი სისწრაფეზე მაღლა დააყენებდნენ. კომპანიებმა პირობა დადეს, რომ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებდნენ, რაც უსაფრთხოება და ეფექტიანობა წარმოჩნდებოდა კლინიკური ცდების მესამე ფაზაში, რომლის მიზანიც არის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რაც FDA-ს და მის მსგავს სხვა მარეგულირებელ ორგანოებს აქვთ. New York Times-ის ცნობით, Pfizer-მა ასევე უარი თქვა აშშ-ის მიერ კვლევებისთვის დაფინანსების შეთავაზებაზე, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო პოლიტიკური კონფლიქტები. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტიანობის შესაფასებლად FDA-ს ცდების ბოლო ეტაპზე სულ მცირე 64 ინფიცირებულის მონაცემები სჭირდება, Pfizer-მა მოიცადა და ავტორიზაციაზე განაცხადი იქამდე არ შეიტანა, ვიდრე 94 მოხალისე არ დაინფიცირდა. კორონავირუსის ვაქცინები უკვე გატესტილია ათობით ათას მოხალისეზე, შესაბამისად, მეცნიერებს უკვე კარგად აქვთ გააზრებული, როგორ რეაგირებენ მათზე ადამიანები კვლევის მონაწილეები Moderna-ს ვაქცინას მარტიდან იღებდნენ, Pfizer-ისას კი აპრილიდან. ორივე ცდა რანდომიზებულად კონტროლირებადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით, ბრმად იღებდნენ ვაქცინას ან პლაცებოს (ეფექტის არმქონე მარილწყალს). როგორც Pfizer-ის, ისე Moderna-ს ცდები საშუალოზე მაღალი ზომის იყო. 2012 წლის მიმოხილვის მიხედვით, ვაქცინის ცდების საშუალო მესამე ფაზას დაახლოებით 30 000 მონაწილე სჭირდება. Pfizer-ის ცდების დასკვნით ფაზაში 43 000 მოხალისე მონაწილეობდა ექვსი ქვეყნიდან და აშშ-ის 16 შტატიდან. ვაქცინირებულ ჯგუფში COVID-19-ის რვა შემთხვევა დაფიქსირდა, პლაცებოს ჯგუფში კი 162. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა დაავადების პრევენციაში 95 პროცენტია. Moderna-ს ცდაში ჩართული იყო 30 000 ადამიანზე მეტი, აშშ-ის 30 შტატში. პლაცებოს ჯგუფში COVID-19-ის 90 შემთხვევა დაფიქსირდა, ვაქცინის ჯგუფში კი მხოლოდ ხუთი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაქცინა 94,5 პროცენტით ეფექტიანია. ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი ვაქცინა არის წითელას ვაქცინა, 97-პროცენტიანი ეფექტით. Moderna-მაც და BioNTech-მაც ვაქცინა რამდენიმე დღეში შექმნეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი ზედმეტად დაჩქარებული იყო აქამდე, ისტორიაში ყველაზე სწრაფად შექმნილ ვაქცინად ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა ითვლებოდა, რომელიც ოთხ წელიწადში შეიქმნა. თუმცა, ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA), ანუ ისეთ გენეტიკურ მასალაზე დაფუძნებული ვაქცინები, რომელიც უჯრედებს ცილების წარმოებას ასწავლის, შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ ვირუსის გენეტიკური კოდით. ახალი კორონავირუსის გენომის თანმიმდევრობა ჩინელმა მეცნიერებმა იანვარში დაადგინეს და გამოაქვეყნეს. „არ გამოგვიტოვებია რაიმე ეტაპი. სინამდვილეში, ჩვენ ახლა უკეთესი ტექნოლოგია გვაქვს. რატომ სჭირდებოდა ატლანტის ოკეანის გადაკვეთას 1800-იან წლებში ორი კვირა? იმიტომ რომ მათ მხოლოდ ნავი ჰქონდათ. ახლა ამ ოკეანის გადაკვეთა რამდენიმე საათშია შესაძლებელი“, — ამბობს ამერიკის ფილტვის ასოციაციის უფროსი სამედიცინო ოფიციერი ალბერტ რიცო. BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა კომპანიის ვაქცინის უხეში დიზაინი იანვრის შუა რიცხვებში, ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში გააკეთა. mRNA ვაქცინა Moderna-მაც ორ დღეში შექმნა. პროგრამა Operation Warp Speed-ის ფარგლებში, ვაქცინის შესაქმნელად Moderna-მ 483 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც 472 მლნ კლინიკური ცდებისთვის იყო განკუთვნილი; შემდეგ კი 1,5 მილიარდ დოლარად აშშ-ისგან ვაქცინის 100 მილიონი დოზის შეკვეთა მიიღო. Wall Street Journal-ის ცნობით, Pfizer-მა საკუთარი ვაქცინის შექმნაში 2 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო, მათ შორის, 500 მილიონი აღჭურვილობაში და 200 მილიონი სპეციალურ დანადგარებში, რომლებიც mRNA-ს სპეციალურ ლიპიდურ გარსში ხვევს. Pfizer-ი ერთდროულად რამდენიმე კანდიდატს ტესტავდა, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფრის თავიდან დაწყება არ გამხდარიყო საჭირო. გარდა ამისა, მან თვეები დაზოგა იმითაც, რომ mRNA-ს აწარმოებდა ერთჯერად პაკეტებში და არა ლითონის ავზებში. Moderna-ს მსგავსად, Pfizer-ი ვაქცინის დოზებს კლინიკური ცდების მიმდინარეობის პარალელურად აწარმოებდა. ვაქცინები, რომლებიც mRNA ტექნოლოგიას იყენებს, შედარებით ახალია, მაგრამ ამ მეთოდზე მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ