შეტაკება მოხდა ბულგარელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის „დიდი ეროვნული ამბოხების“ დასაწყისში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სოფიის ცენტრში მძაფრი შეტაკებები მოხდა ბულგარეთის პოლიციასა და საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის, რომლებიც პრემიერ-მინისტრის და მთავარი პროკურორის გადადგომისკენ მოწოდებით გამოდიან.
ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა 2 სექტემბერს დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც პარლამენტი, მთავრობის სახლი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, ეგრეთ წოდებული, „დიდი ეროვნული ამბოხების“ დასაწყისში, რაც წარმოადგენს პასუხს მთავრობის გეგმაზე, შემოიღოს ახალი კონსტიტუცია.
აქცია გაიმართა პარალმენტის, ეროვნული ასამბლეის, პირველი სხდომის დროს ზაფხულის არდადეგების შემდეგ.
მანამდე ბულგარეთის არაერთ ქალაქში კვირების განმავლობაში ეწყობოდა საპროტესტო გამოსვლები როგორც მათი მონაწილეები უწოდებენ, მთავრობასა და სასამართლოს სისტემაზე ოლიგარქების კონტროლის წინააღმდეგ.
შეტაკების დროს დემონსტრანტები შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის ზღუდე და აწვებოდნენ პოლიციის ავტობუსებს. პოლიციამ გამოიყენა პილპილის აირი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კვერცხებს, პომიდორებს და ქვებს ისროდნენ.
სოფიის პოლიციის უფროსის, გეორგი ჰაჯიევის თქმით, ოცზე მეტი პოლიციელი დაშავდა მათკენ მიმართული დაუდგენელი აირით. ცნობით, ძალადობის დროს 30-მდე პირი დააკავეს. დაშავებულთა შორის არიან დემონსტრანტები და ბულგარეთის კომერციული სატელევიზიო არხის, bTV-ს ჟურნალისტები. ერთი მათგანი საავადმყოფოში წაიყვანეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30817146.html
#ახალი_ამბები
#twitter