ინდოეთში გაურკვეველი დაავადებითსაავადმყოფოებში 140-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა
Tbilisi Daily
ინდოეთში ოფიციალური პირები ცდილობენ დაადგინონ, რა იწვევს გაურკვეველ დაავადებას, რის გამოც შაბათ-კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში 140-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა.
ექიმებმა განაცხადეს, რომ ანდრა პრადეშის შტატის ქალაქ ელურუში პაციენტებს სიმპტომების ფართო სპექტრი აღენიშნებოდათ, გულისრევიდან დაწყებული გონების დაკარგვით დამთავრებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაციენტებს კორონავირუსის ტესტები გაუკეთეს და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
„ადამიანებს, რომლებიც ავად გახდნენ, განსაკუთრებით ბავშვებს, თვალების წვა და პირღებინება ეწყებოდათ. ზოგიერთმა მათგანმა გონებაც დაკარგა,“- განაცხადა „ელურუს სამთავრობო საავადმყოფოს“ სამედიცინო ოფიცერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ანდრა პრადეშის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სისხლის ნიმუშებში ვირუსული ინფექციის კვალი არ აღმოჩნდა.
”ჩვენ გამოვრიცხეთ ის, რომ პაციენტების ავად გახდომის მიზეზი წყლის ან ჰაერის დაბინძურება გახდა, ვინაიდან ოფიციალურმა პირებმა მოინახულეს და შეაფასეს ის ადგილები, სადაც ხალხი დაავადდა. ეს რაღაც საიდუმლოებით მოცული დაავადებაა და მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზი დაადგენს, რა არის,”- განაცხადა ალა კალი კრიშნა სრინივასმა.
ამასთან, ოპოზიცია მომხდარის გამოძიებას მოითხოვს და ირწმუნება, რომ საიდუმლო დაავადების მიზეზი წყლისა და ჰაერის დაბინძურებაა.