ბათუმის ეკოლოგია (არსებობს?)

Batumi Daily

თუ არ გახსოვთ, ახლა შეგახსენებთ 2019 წლის ნოემბრის "ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის" ავტომატური სადგურის მონაცემებს, სადაც ეწერა, რომ აჭარაში PM10 მკგ/მ3 -ის მაჩვენებელი ჰაერში 101.52 იყო. ეს კონკრეტული მაჩვენებელი 35-დან-50-მდე „საშუალოდ“ ითვლება, ხოლო 50-დან 100-მდე – „ცუდად". კონტრარგუმენტად კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაწესებული შეზღუდვებს ეფექტს თუ მახვედრებთ, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვასა და მის გადაადგილებისა მოიცავდა, გეტყვით, რომ მიმდინარე პროცესი დროებითია. კორონავირუსამდე (და მას შემდეგაც) დაგროვებული მტვერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს. რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას? დაუსრულებელი სამშენებლო პროცესები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, ღია გრუნტი, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. როგორ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე ეს მონაცემები? ჰაერის დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს ფილტვების დაზიანებაზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე. აღნიშნულს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი, ასთმა, თვალის პრობლემები და სიმსივნეც კი. ჟურნალ „ეკონომისტის“ ჯიბის ფაქტებისა და რიცხვითი მონაცემების 2020 წლის გამოცემაში საქართველოს რამდენჯერმე ამოვიკითხავთ, უმეტესად ნეგატიურ კონტექსტში. მაგალითად: მსოფლიოში მე-11 ადგილი გვიჭირავს 1000 მოსახლეზე სიკვდილიანობის დონით. 2017 წლის მონაცემებით კი, გულსისხლძარღვთა დაავადებებით მე - 3 ადგილით "ვასპარეზობთ" მსოფლიოში. გერმანიის ქალაქის, ფრაიბურგის UWC Robert Bosch - ის კოლეჯის ბათუმელი სტუდენტი - ელენე კილაძე გვიყვება მის გამოცდილებაზე საერთაშორისო გადმოსახედიდან. "საერთაშორისო კოლეჯში ცხოვრებამ გარდამტეხად იმოქმედა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და პრიორიტეტებზე. ჩემი კოლეჯის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივია მდგრადი განვითარების შესახებ ცნობადობის ამაღლება, რაც გამოიხატება სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობითა და ფოკუს დღეებით ეკოლოგიის შესახებ. გარემოს დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობების შენარჩუნება და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა ქალაქ ბათუმისთვის არაა მთავარი პრიორიტეტი. ქალაქის მთავარი პრობლემა ისევ და ისევ განვითარდებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურის ზრდისა და ეკოსისტემის დაცვის დაუბალანსებლობაა. ჩემი ქალაქი შავი ზღვის სანაპირო მომსახურების სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებული ცათამბჯენებითაა გადაჭედილი, რაც საზიანოა ქალაქის მიკროკლიმატისთვის. ურბანული განვითარება, რომელიც სწორად არ არის დაგეგმილი და შეთავსებული პერსპექტიულ სამომავლო პირობებთან, ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას, კვლევასა და აქტივიზმს." - ამბობს ელენე. ბათუმელებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ წაართვეს ისტორიული ბათუმის საზღვრებში მოქცეული ბათუმის კონცხის, ე.წ "რივიერას" ტერიტორია. პროექტი ითვალისწინებს 5 ცათამბჯენის აშენებას, რომელსაც კვლევების მიხედვით, იქ არსებული კანიონი ვერ გაუძლებს. „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ ხელი 650 ადამიანმა მოაწერა, თუმცა უშედეგოდ. პროექტი განხორციელების ეტაპზეა. მეორე მხრივ, მიმდინარე წელს ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ, როგორიცაა "ბიბისი", სიუჟეტში გადმოსცა აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის დაბინძურების მეცნიერული კვლევა, სადაც ეწერა, რომ "შავი ზღვის ნაწილი მკვდარია". მიზეზი კი, დაბინძურებული გარემო დასახელდა. გამოდის, რომ ჰიპოთეზა გარემოს დაბინძურების დონესა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ნეგატიური კავშირის შესახებ სიმართლეს მოკლებული არ არის. "შედეგები რადიკალურად განსხვავებულა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკვები რესურსებისა და ჰაერის სისუფთავის კონტროლს". ელენეს თქმით, აჭარაში მთავარი გამოწვევა ამ მხრივ ინფორმაციის ნაკლებობაა. "ვცდილობდი გამეხსენებინა ცალ ხელზე ჩამოსათვლელი მცირემასშტაბიანი აქციები საქართველოში, რომელიც მუდმივად უეფექტოდ ჩაივლიდა. თემებზე, როგორიცაა ინდუსტრიალიზაციის, კორპორაციების, გლობალიზაციის ეფექტი გარემოზე, “Climate Justice”, არამარტო არასდროს მსმენოდა, არამედ ინფორმაციის მოძიების სურვილის მქონემ ყოვლისმომცველ ინტერნეტენციკლოპედია „ვიკიპედიაშიც" კი ვერაფერი ვიპოვე ქართულ ენაზე. მაშინ გამოვიტანე დასკვნა: ჩემს ქვეყანაში მდგრადი განვითარება უმეტესობის აზრით მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაა; ეკოლოგიაზე ზრუნვა ხეების დარგვით შემოიფარგლება და პოლიტიკის მთავარი ორიენტირი პენსია და პროდასავლური ან პრორუსული კურსია. "ჩემი დიდი გულისტკივილია, რომ ჩვენი განათლების სისტემა საკმარისად არ ფარავს ეკოლოგიასთან დაკავშირებულ თემებს და ჩემი თანატოლები არ ცდილობენ გააანალიზონ რა არის ჩვენი ამ თემის ირგვლივ სირაქლემის პოზიციის ქონის მიზეზი. გარშემო არავინაა, ვისაც შეუძლია, მინიმუმ სტატისტიკური მონაცემები მოიძიოს და ნათლად დაანახოს მოსახლეობას, რომ ჩვენს ქმედებებს არათუ მომავალი თაობა მოიმკის, არამედ ახლა - აწმყოში, ჩვენ უკვე ძალიან ჩამოვრჩებით მრავალ განვითარებად ქვეყანასაც კი ეკოლოგიაზე ზრუნვის სფეროში. ვფიქრობ, აქტივიზმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია იმის ცოდნა, თუ რა პოზიციაზე ვიმყოფებით და რამდენად მძიმე ჩვენი მდგომარეობა." იქნებ მიზეზი ჩვენში დალექილი კულტურული და სოციალური ფაქტორებია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ხშირად ჯაბნის ცვლილების სურვილს? რატომ გვყავს იმდენი მანქანა, რომ საცობების პრობლემამ ლამისაა ქალაქგარეთ გადასახლებამდე მიგვიყვანოს? იქნებ კომპაქტური, ელექტრო ველოსიპედი შევიძინოთ, რომელიც არც ისე დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს სამართავად.. "ჰოდა, სანამ შევძლებთ მნიშვნელოვანი გეგმა შევიმუშავოთ და გავიმარშოთ გარემოზე დამანგრეველად მოქმედი ანთროპოგენული საქმიანობის წინააღმდეგ, მოდი, ჯერ საკუთარ თავში ვეძიოთ ძალა პიროვნული ჩვევების ცვლილებებისთვის." - ამატებს ელენე. ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური 2017 წლის შემდეგ მოქმედებს. ის ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული. სადგურში ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. მონაცემების ნახვა შეგიძლიათ air.gov.ge - ზე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს