სასამართლო აცხადებს, რომ გახმაურებული საქმეები ტექნიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად გადაიდო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ გახმაურებული საქმეები, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ტექნიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად გადაიდო. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეების გადადების რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა. ამ რეკომენდაციით ხსნის სასამართლო ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეების გადადებას. რეკომენდაციების მიხედვით,  საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა - საქმე მოქალაქის ადგილსამყოფელიდან, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით განიხილოს. "სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტაციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი", - ვკითხულობთ განცხადებაში. კორონავირუსის პანდემიის მიზეზით თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ ყველა ის გახმაურებული საქმე გადაიდო, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებოდა ან ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. ოპოზიცია ამ საქმეების მიმდინარეობის შეჩერებას ასახელებდა ხელისუფლებასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად. სწორედ ამ შეთანხმების გაფორმებას დაემთხვა დროში საქმეების მიმდინარეობის შეჩერება, განახლება კი საარჩევნო პროცესის დასრულებას. იმის მიუხედავად, რომ მარტში ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, პროცესების გადადების მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა, ახლა კი ყოველდღიურად 4 ათასამდე შემთხვევა ვლინდება, თუმცა სხდომები მაინც ჩაინიშნა. სხდომების ჩანიშვნას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ხელს შეუშლიდა ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30980115.html #ახალი_ამბები #twitter