"პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან" - შსს
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ. გამომძიებლებმა ნიკა მელიას მხარდამჭერებს შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და განმარტეს, რომ სასამართლოს განჩინების აღსასრულებლად კანონით გათვალისწინებით ზომებს მიმართავენ.
მათ ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინების გადაცემა სურდათ. გამომძიებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატები დახვდნენ და მოსთხოვეს, რომ თუ რამე აქვთ ჩასაბარებელი მელიასთვის, მათ გადასცენ. სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ განჩინების მიღება ადვოკატებს მხოლოდ ნიკა მელიას თანდასწრებით აქვთ.
მას შემდეგ რაც მელიას მხარდამჭერებმა სამართალდამცველები ოფისში არ შეუშვეს, მათ ტერიტორია დატოვეს და აღნიშნეს, რომ აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველაზე ზომა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“ - ნათქვამია განცხადებაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები