რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს
Tbilisi Daily
17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს ლობიანებს აცხობენ. რა კავშირშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან.- ამ კითხვებზე პასუხს დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ასე განმარტავს:
“ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.