პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ასლან ვაშაყმაძე დააკავა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ფოთში დააკავეს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალური ქსელი „ფეისბუკის“ საშუალებით გავრცელებულ მიმართვაში მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ასლან ვაშაყმაძემ ვიდეომიმართვა „ფეისბუკიდან“ თავადვე წაშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ასლან ვაშაყმაძემ პოლიციელებს ფიზიკური დაზიანებები 2 დეკემბერს სწორედ იმ დროს მიაყენა, როდესაც აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ.
„მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრან და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამარჯვებული საქართველოს" სახელით ასლან ვაშაყმაძე აჭარის უზენაეს საბჭოში ხულოს, ხელვაჩაურისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30980270.html
#ახალი_ამბები
#twitter