რუსეთის პატრიარქი: უკრაინაში სიკვდილი "ცოდვებს ჩამორეცხავს"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ სამხედრო სამსახურისას მათ მიერ გაღებული მსხვერპლი "ყველა ცოდვას ჩამორეცხავს".
პატრიარქი ამ სიტყვებით გამოვიდა საკვირაო ქადაგებაში, 25 სექტემბერს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია და იზრდება კრიტიკული ხმები კრემლის გადაწყვეტილების გარშემო, რომელიც ითვალისწინებს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების შესავსებად.
დასავლეთის ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთმა 70 000-დან 80 000-მდე სამხედრო დაკარგა მას მერე, რაც თებერვალში პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის წარმომადგენლების განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაცია მხოლოდ რეზერვისტებს შეეხება და ომში 300 000 ადამიანს ჩართავს. თუმცა, რუსეთის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეალური სამიზნეა 1 მილიონი ჯარისკაცი, ხოლო ცნობებს, რომ გაწვევა ეხება სამხედრო გამოცდილების არმქონე და დადგენილ ასაკზე მეტის მქონე მამაკაცებსაც, კრიტიკა მოჰყვა კრემლის მომხრე ძალების მხრიდანაც.
კირილე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განუხრელი მხარდამჭერია, მან საომარი ძალისხმევა დალოცა და უწინ ნათქვამი აქვს, რომ რუსები საგმირო საქმეს სჩადიან უკრაინელების მოკვლით - თუმცა, ამავე დროს, რუსებს მოუწოდებდა უკრაინელები არ აღექვათ მტრებად.
"ვიცით, რომ დღეს ბევრი ადამიანი იხოცება დამანგრეველი ბრძოლის ველებზე" - თქვა კირილემ მოსკოვთან ახლოს მდებარე ეკლესიაში 25 სექტემბერს და დასძინა: "ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, რაც შეიძლება ცოტა ძმამ დახოცოს ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში".
ამასთან, რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა იქვე განაცხადა: "ეკლესია აცნობიერებს, რომ თუკი ვინმე, ვისაც ამოძრავებს მოვალეობის განცდა, ფიცის შესრულების აუცილებლობა, ის თავისი მოწოდების ერთგული რჩება და საომარი მოვალეობის შესრულებისას იღუპება - იგი, ეჭვგარეშეა, სჩადის ქმედებას, რომელიც მსხვერპლშეწირვას უტოლდება. და ამიტომაც გვწამს, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომელიც ადამიანს აქვს ჩადენილი".
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას კირილე აღიქვამს დაცვად დეკადენტური დასავლეთისგან და აცხადებს, რომ "რუსეთი არავის დასხმია თავს".
უკრაინაში, მართლმადიდებელთა 34-მდე პროცენტი ეკუთვნის უკრაინის მთავარ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც 2019 წელს კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ოფიციალურად აღიარა განცალკევებულად მოსკოვის საპატრიარქოსგან.
უკრაინაში მცხოვრები მართლმადიდებლების დაახლოებით 14 პროცენტი თავს მიაკუთვნებს უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას, 2020 წლის გამოკვლევის თანახმად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32052429.html
Source: radiotavisupleba.ge