ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა რუსთავში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველის პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში რუსთავ-გარდაბნის მე-12 მაჟორიტარულ ოლქში, 15:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 24 ათას 890-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 17,60 პროცენტია.
ამასთან, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 15:00 საათისთვის რუსთავში ხმა მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16,30 პროცენტმა, გარდაბნის ათ თემში, რომელსაც მე-2 მაჟორიტარული ოლქი მოიცავს, ხმა მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22, 24-მა პროცენტმა. გაგა აფციაურმა დასძინა, რომ არჩევნები შედარებით დაბალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობს.
დღის პირველ ნახევარში აქტივობა არ შეინიშნებოდა რუსთავის მე-4, მე-5, და მე-6 საარჩევნო უბნებზე, სადაც 12 საათის სამივე უბანზე, საერთო ჯამში, ამომრჩეველთა, დაახლოებით, 10 პროცენტი იყო მისული.
მეორე ტურში გავიდნენ "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ამომრჩეველთა ხმების 48 პროცენტით, და "ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი დავით კირკიტაძე - 33 პროცენტით. დავით კირკიტაძემ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ოფიციალურად უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, ისევე როგორც მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა ოპოზიციიდან.
ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე იმ მოტივით, რომ ცესკომ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მხარდაჭერით არჩევნები გააყალბა.
მე-12 საარჩევნო ოლქიდან, ასევე საუბნო კომისიებიდან ოპოზიციამ გაიწვია თავისი წევრები და დამკვირვებლები. საოლქო კომისიაში რჩება მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი. საოლქო კომისიაში განაცხადეს, რომ არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ჯერ არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30961985.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020