ბორის ჯონსონი რჩება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სასარგებლოდ დასრულდა მისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად თანაპარტიელი კონსერვატორების მიერ პარლამენტში ჩატარებული ფარული კენჭისყრა.
ჯონსონის გადადგომას მხარი დაუჭირა კონსერვატორთა ფრაქციის 148 წევრმა, წინააღმდეგი იყო 211. პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას სულ მცირე 180 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 6 ივნისს საღამოს ჩატარებული კენჭისყრის ინიციატორი იყო „კონსერვატიული პარტიის“ ფრაქციის სულ მცირე 54 დეპუტატი. ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.
მას შემდეგ, რაც 6 ივნისს ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა, „კონსერვატიული პარტიის“ წესებით, ერთი წლის განმავლობაში უნდობლობის გამოცხადების ხელახალი პროცედურა ვერ ჩატარდება. ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრია 2019 წლის ივლისიდან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31886655.html
Source: radiotavisupleba.ge