შენც მხოლოდ ისტორიის ფურცლებიდან იცი? - ხატია ყურაშვილის ბლოგპოსტი

Marneuli Daily

შენც მხოლოდ ისტორიის ფურცლებიდან იცი? ჩვენ-ქართველები დიდი ხანია ვამაყობთ იმით, რომ აგერ უკვე საუკუნეებია მრავალეთნიკური, რელიგიური თუ კულტურათა ერთობის სამშობლო ვართ. გაგვიგია ან ყური მოგვიკრავს იმისთვისაც, რომ ჩვენს სამშობლოში სხვა ერებთან ერთად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, თუმცა ცოტამ თუ ვიცით სად, რამდენი ან როგორ? უკვე საუკუნეებია ქართველი-აზერბაიჯანელები, როგორც ისინი თავადაც უწოდებენ თავს, ჩვენთან ერთად ეწევიან ცხოვრების არც თუ ისე მსუბუქ ჭაპანს. არ ივიწყებენ თავიანთ კულტურას, ტრადიციებს, ენას და თითქოს დაუღალავი, მშრომელი ფუტკრებივით ცხოვრობენ თავიანთ სამშობლოში . ფაქტი ერთია, მისი ცოდნა კი მეორე. ალბათ, თითოეული ჩვენგანის ვალია უკეთ გავიაზროთ მრავალეთნუკური ქვეყნის სტატუსი და იგი მხოლოდ ისტორიის წიგნებში ამოკითხულ ფრაზად არ დარჩესგონებაში. იყოფდე სამშობლოს სხვა ერებთან, ნიშნავს ცდილობდე მათთან კომუნიკაციას, იცნობდე მის კულტურას, რელიგიას, ჩვეულებებსა და ადათ-წესებს. იცოდე რა აწუხებთ ან უხარიათ, რა პრობლემებისა და სირთულეების წინაშე დგანან როგორც ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები. დაუხლოვდეთ, ვემეგობროთ, ვუთანაგრძნოთ და ვიყოთ ერთმანეთის საიმედო გიდები. ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის განათლების თანაბარი შესაძლებლობების მიცემის კუთხით. დაინერგა სხვადასხვა პროექტი, რამაც ახალ თაობას მისცა შესაძლებლობა უკეთ აეთვისებინათ ქართული ენა, ესწავლათ ქართულ უნივერსიტეტებში და მისცემოდათ მეტი შანსი ინტეგრაციისათვის. უნდა აღინიშნოს პროგრამა 1+4, რომელმაც ქართველ-აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა მნიშვნელოვნად შეაკავა მათი სწავლის გასაგრძელებლად გადინება უცხო ქვეყნებში მაგალითად აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში თუ სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამ პოზიტიური ძვრებისა ბევრი ამ რეგიონში პრობლემა ისევ ღიად რჩება. მათ შორის მწვავედ დგას დასაქმების, სოციალური ინტეგრაციისა და სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის პრობლემები. აუცილებელია კარგად გავიაზროთ, რომ დემოკრატიული ქვეყნის შენების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ეთნუკურ უმცირესობებს და რა თქმა უნდა, ჩვენს ქართველი-აზერბაიჯანელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათაც ჩვენსავით სჭირდებათ ხარისხნიანი განათლების მიცემა, სოციალური ინტეგრაციიის შესაძლებლობა, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებებში ჩართულობა ან უბრალოდ, მეტი შესაძლებლობა დაგვანახონ ვინ არიან ისინი. ეჭვგარეშეა, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერი სუბიექტებისგან, ანუ ძლიერი მოქალაქეებისგან შედგება. ძლიერ მოქალაქედ ჩამოყალიბებას კი თავისი პროცესი აქვს, რთული და კომპლექსური, რაშიც დიდი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობასაც მიუძღვის. ხატია ყურაშვილი. ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი წყარო : წითელი ხიდი