რუსეთი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში სამი რაკეტა ჩამოაგდეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი რაკეტა ჩამოაგდო.
ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტები ნოვი ოსკოლის რაიონში ჩამოაგდეს. გუბერნატორის თანახმად, რაკეტების ნამსხვრევებით დაშავდა ერთი ადამიანი და რამდენიმე სოფელში დაზიანდა შენობების ფასადები და ელექტროგადამცემი ხაზები.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციასაც.
ბოლო თვეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32303587.html
Source: radiotavisupleba.ge