„სიღარიბეში დაკარგული თაობა“ - სამოქალაქო აქტივისტები ჯვარიდან
Zugdidi Daily
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი ერთდროულად აწევს ქვეყანას, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა და წინასაახალწლოდ მათი მდგომარეობა სავალალოც კი. სწორედ ასეთი გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სამეგრელოში, კონკრეტულად კი ქალაქ ჯვარში სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი ჩამოყალიბდა.
Zugdidi Daily-ს რუბრიკის „წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" დღევანდელი რესპოდენტი გიგი ფიფიაა.
20 წლის გიგი წარმოშობით ქალაქი ჯვარიდანაა, ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია.
სამოქალაქო აქტივიზმით სკოლის პერიოდიდან დაინტერესებულა. თავისუფლების სიყვარულმა და ზოგადად, იმის უნარმა, რომ შეეძლო ეკეთებინა კეთილი საქმე, ის, რაც თვითონაც სიამოვნებდა და სხვისთვისაც სასარგებლო იყო, მოხალისეობრივი საქმიანობა დააწყებინა. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ჯვარის სათემო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.
ფიქრობს, რომ მოხალისეობრივი ინსტიტუტი დღეს საქართველოში ძალიან განვითარებულია.
„ამ მხრივ მშვენიერი დინამიკა იგრძნობა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს მოხალისეობრივად ჩაერთოს ამა თუ იმ ინიციატივაში და ვფიქრობ, ეს ჩვენი სამაქალაქო თვითშეგნების გაღრმავებას მიუთითებს. დაფასების მხრივ კი მგონია, რომ მოხალისეობრივად გაკეთებული საქმე ყველაზე დასაფასებელია.“
სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი - „სიღარიბეში დაკარგული თაობა“, რომლის მოხალისეების მთავარი მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა.
სამოქალაქო აქტივისტები ყოველდღიურად ათობით ადამიანს სჩუქნიან იმას, რაც მათ კერას აკლია. ბენეფიციართა რაოდენობა დიდია, თუმცა არც კეთილი ადამიანების რაოდენობაა პატარა. გიგი სწორედ ამ გვერდით ერთ-ერთი დამფუძნებელია და გვერდით არაერთი თანამოაზრე ჰყავს შემოკრებილი.
„ყოველთვის, როცა მსგავს აქტივობებზე ვგებულობდი, ვკითხულობდი სტატიებს, მიჩნდებოდა სურვილი და მწამდა, რომ მეც მქონდა უნარი კეთილი საქმე მეკეთებინა. კოვიდიანობის ჟამმა და პლუს ბევრმა სირთულემ, რის წინაშეც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას, რეალური სიღარიბისა და საფრთხის წინაშე დააყენა კაცობრიობა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა უფრო მეტად მგრძნობიარე გახდა ეს უკანასკნელი, რადგან გამოიკვეთა და გამწვავდა ის პრობლემები, რომელიც მრავალი წელია გვაქვს, თუმცა ვერ ვუსწორებდით თვალს. როცა ეს იდეა დამებადა, პირველ რიგში ჩემს მეგობრებს და ახლოს წრეს ვუამბე! მათაც მოეწონათ და იმ დღიდან ერთად მივყვებით ამ კეთილ საქმეს. საბედნიეროდ, ხალხის გამოხმაურებაც მოულოდნელად დიდია, შოკისმომგვრელი. ყველა აგვყვა და საბოლოოდ, დღეს ძალიან ბევრნი ვართ. გვიკავშირდებოდნენ და გვიკავშირდებიან დღესაც კეთილი ადამიანები. გვეხმარებიან ტრანსპორტირებით, პროდუქტებით, ტანსაცმლით და ფიზიკური შრომითაც კი. გასაოცარი და მართლაც წარმოუდგენელია ასეთი კონსოლიდირება. რაც მთავარია, ეს საქმე კეთდება ყველანაირი პოლიტიკური მოტივის გარეშე, სუფთა გულით.“
სამოქალაქო აქტივისტების რიგს უერთდება ყველა, ისიც კი, ვინც მომენტალურად იგებს მათი აქტიურობის მიზეზს.
„როდესაც საყიდლებზე ან თუნდაც ქუჩაში, გადაადგილების დროს გვხვდება ხალხი, უზარმაზარი სითბოს და ყურადღებას გვჩუქნიან. მაქსიმალურად ცდილობენ დაგვეხმარონ და მათი გვერდში დგომით დღეს უკვე 55 ოჯახს ვესტუმრეთ, ხოლო უხეში დათვლით 165 ადამიანი გავახარეთ.“
ბენეფიციარების არჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალეა, მოხალისეებს სპეციალური ფორმა აქვთ, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ანონიმურად დაწეროს იმ ადამიანის მონაცემები, ვისაც სჭირდება გვერდში დგომა.
„გვწერენ მათი ახლობლები, მეზობლები და თანამოქალაქელები. თანხას გვირიცხავენ მეგობრები თუ სრულიად უცნობი ადამიანები, ვისაც გააზრებული აქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი თანადგომა. ჩვენ კი იმხელა სითბოს ვგრძნობთ, შეუძლებელია გავჩერდეთ!“
მოგეხსენებათ, რომ ქალაქი ჯვარის მაცხოვრებლების უმრავლესობა დევნილია. მძიმე ეკონომიკური პრობლემის გარდა, ადგილობრივები ათეულობით წელია ოკუპაციას მისტირიან და ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია ეს უკანასკნელი, ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. როგორც გიგი ამბობს, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საზღვრისპირა სოფლებში: მუჟავა, ჭალე... მეტიც, ზოგიერთ მოსახლეს ელექტროენერგიაც კი არ აქვს და ურთულეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება.
„დაგვითმეს ჩვენი მეგობრის სახლი, სადაც შტაბი მოვაწყვეთ, იგივე საწყობი. იქ ვალაგებთ და ვახარისხებთ საყოფაცხივრებო ნივთებს.“
მოგეხსენებათ, საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში ჩამოყალიბდა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი, რომლებმაც ჯამში ასობით ადამიანს შეუქმნეს წინასაახალწლო განწყობა. როგორც გიგისგან ვიგებთ, არც სამეგრელოა გამონაკლისი და გარდა ქალაქი ჯვარისა, სხვადასხვა ლოკაციებიდანაც ერთვებიან მოხალისეები.
„ჩემი ინფორმაციით სამეგრელოშიც არის რამდენიმე ჯგუფი. ასევე, ჩემს მეგობრებსაც აქვთ მსგავსი წამოწყება ქალაქ სენაკში. ჩვენ გვინდა, რომ დომინოს ეფექტი ჰქონდეს და ბევრი აგვყვეს ამ საქმეში.“
აქტივისტები სოციალური კამპანიის გაგრძელებას კვლავ აპირებენ, რადგან კიდევ უამრავი ოჯახია, რომელთათვისაც უცხოა საახალწლო სამზადისი.
გვჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ნაცრისფერი ყოველდღიურობის შეცვლა გაცილებით მარტივია.
თიბისი ბანკი:
მიმღები:გიორგი ფიფია
#GE92TB7746945061100100
საქართველოს ბანკი:
მიმღები:ვიქტორია გერგედავა
#GE61BG0000000103237297GEL
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სიკეთე
#კომენტარი
#კომენტარი
#წარმატებულიადამიანებისამეგრელოდან
#ზუგდიდი
#ჯვარი
#zugdididaily
#პიროვნება
#ქველმოქმედება