დეოლიგარქიზაციის კანონი არსებობის შემთხვევაში ის შეეხებოდა ხაზარაძე-ჯაფარიძეს, სააკაშვილსა და კეზერაშვილს - კობახიძე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონი რომ არსებობდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაცხადებების ფორმატში სიტყვებით გამოსვლისას განაცხადა. მან ოპოციზციას მიმართა „ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ“.
მანამდე ირაკლი კობახიძეს ქართველ ოლიგარქებად მოხსენიებული ჰყავდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური ტელეკომპანია" ფორმულას" მეწილე, დავით კეზერაშვილი.
„[დეოლიგარქიზაციაზე] საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე - ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიისაღებად ერთ-ერთ პირობად ევროკომისიამ, საქართველოს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა წაუყენა. ოლიგარქიასთან ბრძოლა უნდა გააგრძელონ უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე, მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში. თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით ოლიგარქების რეესტის შექმნა შეაფრეხა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა.
უკრაინაში მიღებული კანონის სრული სახელწოდებაა - კანონი „ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან“.
კანონის თანახმად, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით.
კანონის თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი ოლიგარქად იქნეს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ოთხიდან სამ კრიტერიუმს: 1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. არის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელსაც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა დ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. ამ პირის (და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების) დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის (უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 2.27 მილიარდ გრივნას შეადგენდა)
იმის გამო, რომ კანონის მოქმედების არეალი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლოს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა დავალება შემუშავდეს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31908045.html
Source: radiotavisupleba.ge