შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე არჩილ გაგნირძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს
Pirveliradio Ge
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნაა, საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს. კობაიძე აცხადებს, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის" მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ. მისივე თქმით, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს - მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით" გაჰყვნენ.
„მოგეხსენებათ, დაზარალებულის პოზიცია არის ის, რომ განსაკუთრებით მძიმედ ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით ექვსივე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. მე გავიარე კონსულტაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. მისგან მივიღეთ ინფორმაცია და კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩვენ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 წუთს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი იმასთან დაკავშირებით, რამდენად რელევანტურია, რომ 5 წუთში ეს ადამიანები სცემდნენ კიდეც ადამიანს და შემდეგ უკვე წყალში ჩაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩავატარებთ, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნაა“, - აცხადებს კობაიძე.