სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

Sokhumi Daily

3 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოში მყოფი აფხაზური „პასპორტების“ მფლობელებისა და რეგიონის მცხოვრებთათვის უკან დასაბრუნებლად ენგურის გამშვები პუნქტი გახსნა. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს. სოხუმმა აფხაზეთის მკვიდრებს, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა ან მოქალაქეობის არმქონე პირებს დაბრუნების ნება მხოლოდ იმ შემთხვევაში დართო, თუ ისინი საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ენგურის ხიდის გადაკვეთამდე არა უგვიანეს 72 საათის წინ გაცემულ კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. პანდემიის ფონზე, სოხუმმა ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები პირველად 27 თებერვალს შემოიღო. 14 მარტს კი – დანარჩენ საქართველოსთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მას შემდეგ, სოხუმის ნებართვით, ენგურის ხიდზე ე.წ. ჰუმანიტატული დერეფანი ხუთჯერ გაიხსნა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში დაბრუნდა. პირველად, 26-31 მაისის პერიოდში, დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში 532, მეორედ, 22-24 ივნისს კი – 1 111 ადამიანი დაბრუნდა. მესამე ჯერზე, 13-17 ივლისს, რეგიონში 1 269, ხოლო მეოთხედ – 5-9 აგვისტოს, აფხაზეთში 1 289 ადამიანი დაბრუნდა. 16 ოქტომბერს სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის გახსნა, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს დანარჩენ საქართველოში იღებენ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 აგვისტოდან რუს ვიზიტორებს რეგიონში შესვლის უფლება ისე დართო, რომ მათთვის კოვიდ-19-ის ცნობა არ მოუთხოვია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა