იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა მუშაობა განახლებული პრინციპით დაიწყეს

Tbilisi Daily

სერვისების სტატისტიკაზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება და ჩვენდა სასიხარულოდ, მოთხოვნადი სერვისებია ბიზნესთან დაკავშირებული სერვისები, მაგალითად ეს არის ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სახლებში ასევე მოთხოვნადი სერვისებია სახელმწიფო სერვისების განვითარების პროდუქტები, მაგალითად საუბარია ელექტრონული ხელმოწერის საშუალებებზე, ასევე ელექტრონულ პირადობის მოწმობებსა და ბიომეტრიულ პასპორტებზე. „იუსტიციის სამინისტროში ბევრი მუშაობის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ვირუსის საპასუხოდ მხოლოდ შეზღუდვების დაწესება, არამედ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისე ცხოვრება, ისე მუშაობა და შედეგების ისე მიღწევა, რომ კი არ გავჩერდეთ, არამედ ვიმოქმედოთ ახალი, განსხვავებული, ალეტრნატიული გზებით და მივიღოთ ის შედეგები, რაც გვჭირდება. ამიტომაც ჩვენ არ ვჩერდებით, ვმუშაობთ ყოველ დღე, მხოლოდ ვიცავთ წესებს, ვიცავთ თავს ვირუსისგან და თუმცა ვაკეთებთ იმავე საქმეს, რასაც ვაკეთებდით“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უკვე გაიხსნა და ისინი ახალი პრინციპით მუშავებენ. მოქალაქე შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ს პორტალზე დაჯავშნის.