მიხაილო თოდუა: იმაზე მეტად ვარ დასჯილი, ვიდრე მოძალადე და მკვლელი
Tbilisi Daily
თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოსის მიხაილო თოდუას სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს.
ის, ამ ეტაპზე შინაპატიმრობაში იმყოფება, პრობაციის ეროვნული სააგენტო კი, მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.
რას ედავებიან მიხაილო თოდუას?
როგორც მუსიკოსი ამბობს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შინაპატიმრობის პირობით გათავისუფლდა, პრობაციის სააგენტოს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის მიეცათ უფლება, პროფესიული საქმიანობით დაკავებულიყო. პრობაციამ თანადგომა გამოიჩინა და ამის შესაძლებლობა მისცა. 1 წლის განმავლობაში 28 ივენთში მიიღო მონაწილეობა. ყველა ივენთის შემდეგ შესაბამის საბუთებს წარადგენდა.
„ბოლო ივენთზეც წარვადგინე საბუთები, რაც სახლიდან გასვლის საშუალებას მაძლევდა. საპატიოდ არ მითვლიან 13-14 რიცხვში გამართულ ივენთზე მონაწილეობას, სამხილად მოაქვთ პრემიერის განკარგულება, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცა და 22:00 საათის შემდეგ კრძალავდა თავშეყრას. 17 ოქტომბერს იყო „გირჩის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც ვუკრავდი.
სამართლებრივად არ დამირღვევია არაფერი, „გირჩს“ უფლება ჰქონდა, წინასაარჩევნო ღონისძიება გაეკეთებინა. წინასწარ დავრეკე და ვთქვი, რომ „გირჩის“ ღონისძიებაზე უნდა დამეკრა. „გირჩი“ შესაბამის დოკუმენტაციას მაძლევდა, რომელიც პრობაციაში უნდა წარმედგინა, რაზეც თანხმობა მივიღე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ მითვლიან.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვგრძნობდი მხარდაჭერას სამინისტროს მხრიდან. რამდენადაც მხარს მიჭერენ, იმდენად მებრძვიან.
გუშინ გავიგე, რომ დღეს მაქვს სასამართლო და სახაზინო ადვოკატი დამიქირავეს, არც ამაზე შემეკითხა ვინმე.
დაჭერის დღიდან ვფიქრობდი და ვდარდობდი იმაზე, რომ ჩემს მიმართ იქნებოდა არასწორი განაჩენი გამოტანილი. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ იმაზე მეტად ვარ დასჯილი, ვიდრე ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი.
ყველაზე რთულია, ებრძოლო უსამართლობას, რომელიც ყოველდღიურად მოსვენებას არ გაძლევს და შიგნიდან რაღაცნაირად გჭამს“,- განაცხადა მიხაილო თოდუამ „ფორმულას“ ეთერში.
19 ოქტომბერს „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მუსიკოს მიხაილო თოდუას, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, პრობაციის სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს, რათა დაადასტუროს ნამდვილად უკრავდა თუ არა „გირჩის“ ღონისძიებაზე.
„Michailo ბევრს გეცოდინებათ. დიჯეია. თითქმის 7 წელი ჩავსვით ციხეში ისე რომ არ არსებობს სამყაროში ადამიანი ვისაც მან რაიმე ზიანი მიაყენა. ემდი უპოვეს. ცხოვრების 7 წელი წავართვით.
ციხიდან სპეციალური სამაჯურით გამოვუშვით, გადაადგილების უფლება აქვს შეზღუდული. მათ შორის 21.00 საათის შემდეგ რომ დაუკრას, სპეციალური ნებართვა უნდა აიღოს (აბა რა დროს უნდა დაუკრას დიჯეიმ?)
გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაუკრა. 21.00 საათის მერე, ცხადია. იმის გამო რომ 22.00 საათის შემდეგ არაპარტიული ღონისძიებები აკრძალულია, ახლა პრობაცია სთხოვს რას?
„გირჩთან“ გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რათა დაადასტუროს რომ ჩვენს პარტიულ ღონისძიებაზე უკრავდა და მიმალვაში არ იყო“,- წერდა სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის, მიხაილო თოდუა 12 გრამი MDMA-სთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან 6 წელი ციხეში გაატარა, შემდეგ კი, შინაპატიმრობაში გადავიდა.
წყარო: Pia.ge