ირმა ინაშვილი: იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც

Tbilisi Daily

"ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იგეგმება აქციებიც და მოწოდებებიც. "მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია- არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!", - დაწერა ირმა ინაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.