საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და რუმინეთის ლიდერები ომით დანგრეულ ირპენში ჩავიდნენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის და რუმინეთის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და კლაუს იოჰანისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. ევროპელ ლიდერებს ომით დანგრეულ ქალაქში არსებული ვითარება გააცნო უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ოლქის ქალაქი ირპენი უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. უკრაინის არმიამ ქალაქზე კონტროლი რამდენიმე კვირიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა. ირპენიდან რუსი სამხედროების გასვლის შამდეგ, ქალაქში იპოვეს 300-მდე მოკლული, მშვიდობიანი მოქალაის გვამი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რპენში დაზიანდა, ან დაინგრა შენობების 75%.
გერმანიის კანცლერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის და რუმინეთის პრეზიდენტები უკრაინაში დღეს, 16 ივნისს ჩავიდნენ. შოლცი, დრაგი, მაკრონი და იოჰანისი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედებიან. მოლაპარაკების დღის წესრიგშია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარება და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.
ევროკავშირის 4 სახელმწიფოს მეთაურთა ვიზიტი წინ უძღვის უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ხვალ, 17 ივნისს, რეკომენდაციები უნდა გამოაქვეყნოს ევროკომისიამ, 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კი, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა.
15 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი იმყოფებოდა მოლდოვაში, რომელიც ასევე, ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სტატუსის მოლოდინშია საქართველოც. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31900923.html
Source: radiotavisupleba.ge