ლაშა კომახიძე გადადგა?!

Tbilisi Daily

გადადგა თუ არა ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე თავად ამის შესახებ 14 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე მოაწერა ხელი თანამდებობიდან ვიცე-მერის, ჯაბა ტუღუშის გათავისუფლებას და ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. შესაბამისად, მომდევნო არჩევნებამდე მერის მოვალეობას თორნიკე რიჟვაძის მეგობარი შეასრულებს. ასევე, ლაშა კომახიძემ უკვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლაზეც. ბოლო დროს გავრცელებული ინფრომაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს სიაში ჩასმაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არჩეულ მერს გადადგომას აიძულებენ. 2018 წლის ოქტომბერში ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა. გოჩა მელაძესაც ანალოგიური ისტორია ჰქონდა. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციის არაოფიციალურად გავრცელების შემდეგ, ისიც შვებულებაში გავიდა, იმავე კვირაში შვებულებიდან დაბრუნდა, ვიცე-მერად დანიშნა ვახტანგ ბერიძე, შემდეგ კი გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. გადადგომის შემდეგ გოჩა მელაძე შემოსავლების სამსახურში დაასაქმეს.