გაიცანით ქუთაისლების ოჯახი, რომელმაც 10 000 პირბადე შეკერა და უფასოდ დაარიგა
Kutaisi Daily
პირბადეებისაგან დაცლილი აფთიაქები და პირბადეაკრული სახეები - ასე შევხვდით ქვეყანაში გაზაფხულისა და უჩინარი სტუმრის შემობრძანებას. მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა და იმ პანიკის შეხსენებას არ დავიწყებთ, რაც ერთად გამოვიარეთ, თუმცა არის რაღაც, რაც ბევრ ჩვენგანს გამორჩა.
მაშინ, როცა აფთიაქებში პირბადეეების ფასმა ჯერ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია და შემდეგ სავაჭრო დახლებიდან სრულიად გაქრა, ქუთაისის ერთ ოჯახში გაჩნდა იდეა პირბადეების წარმოებისა. დიზაინერებმა ლალი მნაცაკანიანმა, ბელა აბჟანდაძემ და მარი ბრეგაძემ თავიანთი საქმიანობა დროებით გვერდით გადადეს და სოციალური პროექტი წამოიწყეს. ამის შესახებ kutaisidaily-ს მარი ესაუბრა:
-საქველმოქმედო პროექტზე მუშაობა მარტის დასაწყისში დავიწყეთ - მაშინ როცა პანდემიამ ჩვენთანაც დაიწყო გავრცელება და როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას და ქალაქს . ჩვენი კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია და ვთვლით, რომ ვისაც როგორ შეგვიძლია, ამ მძიმე დროს სახელმწიფოს და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ .
-თქვენ მიერ შეკერილი პირბადე რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც პირბადეების წარმოების დროსაა გასათვალისწინებელი?
- სპეციალურად პირბადეებისთვის მრავალშრიან ქსოვილს ვიყენებთ, რომელიც რეზისტენტულია გაშხეფებისადმი ანუ არ ატარებს იმ წვეთებს, შხეფებს და მცირე ნაწილაკებს, რომლებიც დახურულ სივრცეში დაცემინების, დახველების ან საუბრისას გამოშხეფდება. სრულად ფარავს პირსახეს. მიუხედავად მისი მდგრადი შემადგენლობისა და შეუღწევადობისა, სუნქვას არ აძნელებს. ასე რომ აკმაყოფილებს ყველა შესაბამის რეკომენდაციას.
-სულ რამდენი პირბადე გაიცა?
-ჩვენ მიერ დასაჩუქრებული ადამიანების რიცხვი დაახლოებით, 10 ათასია , მათ შორის არის : შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალოვანებს და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები , 10მდე კლინიკა , ქუთაისის მერია და წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები, მოხუცთა და ბავშვთა პანსიონატები,სადეზინფექციო სამსახურების თანამშრომლები,სოციალურად დაუცველი ოჯახები , სასულიერო პირები...
-თუ გქონდათ რაიმე ტიპის დაფინანსება?
ცხადია, დაფინანსება არ გვქონია. 24 საათი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით.
ახლა უკვე პირბადეები აფთიაქებში ხელმისაწვდომია და ჩვენც წინანდელ სამუშაოს - ტექსტილის დიზაინს დავუბრუნდით, რათა გაწეული ქველმოქმედებისას გახარჯული მასალის და დამზადების ხარჯები დავფაროთ. მიხარია, რომ პროექტი წარმატებული აღმოაჩნდა. ათასობით მადლიერი და გახარებული ადამიანი არის ჩვენს ირგვლივ, რომელთაც თავადაც გაუჩნდათ ერთმანეთის უანგარო დახმარების სურვილი , რისი მომსწრენიც უკვე ბევრჯერ გავხდით.
#პირბადე
#დიზაინერები
#kutaisidaily