ბეირუთში აფეთქების დროს ბავშვი დაიბადა

Tbilisi Daily

კრისტალ სავაიმ, ბეირუთში აფეთქების დროს იმშობიარა. ამის შესახებ CNN იტყობინება. აფეთქების დროს ბავშვის მამა, ჯადი საკუთარი მკლავებით ცდილობდა შვილის შუშის ნამსხვრევებისგან დაცვას. ემოციური ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. უცხოური მედია ასევე წერს, რომ მშობიარესაც და ექიმსაც მრავლობითი ჭრილობა ჰქონდათ და ყველამ შიშით დატოვა პალატა, მთავარი ექიმი კი მაინც დარჩა და ბავშვი მიიღო. ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 200-მდე ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 9 აგვისტოს ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ამან საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო. ამავე დღეს, მსოფლიო ლიდერებმა ბეირუთის დასახმარებლად ონლაინკონფერენცია გამართეს, რის შემდეგაც, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ.