ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები იმედგაცრუებული არიან ევროკავშირში მათი გაწევრიანების პროცესის შეყოვნების გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებმა 23 ივნისს უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ევროკავშირში მათი გაწევრიანების საქმეში არ იყო წინსვლა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ. ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მიესალმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ განაცხადა, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია. მან აღნიშნა, რომ ალბანეთს და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს წლების განმავლობაში აქვთ კანდიდატის სტატუსი - ჩრდილოეთ მაკედონიას 2005 წლიდან და ალბანეთს 2014 წლიდან. რამა და ბალკანეთის დანარჩენი ხუთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვენ - ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, და სერბეთი -- უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებამდე ოთხი საათის განმავლობაში შეხვდნენ ევროკავშირის ლიდერებს. ბალკანეთის ქვეყნები ღრმად იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ გაწევრიანების მცდელობა ჩიხში მოექცა. ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის განსაკუთრებული იმედგაცრუება უკავშირდება ევროკავშირის წევრი ბულგარეთის ვეტოს მათთან მოლაპარაკებების დაწყების მიმართ. სკოპიეს და სოფიას ხანგრძლივი დავა აქვთ ენის თაობაზე. რამამ „სირცხვილად“ უწოდა, რომ ბულგარეთმა მოლაპარაკებები დაბლოკა „ევროპის ეზოში ცხელი ომის შუაგულში, სადაც 26 სხვა ქვეყანა, უძლურების გამო გაშეშებულა“. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31913245.html

Source: radiotavisupleba.ge