სანზონაში აღმოჩენილი გახრწნილი ხორცის საქმეს "სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის" მუხლით იძიებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისში, სანზონაში, კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილი გახრწნილი ხორცის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო "სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის" მუხლით იძიებს. როგორც უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია საჭირო ექსპერტიზა.
სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი (135-ე), რომლითაც გამოძიებაა დაწყებული პასუხისმგბელობად ჯარიმას, შინაპატიმრობას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინ.
სანზონაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი გუშინ, 19 ივნისს გახდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბინა 18 ივნისს დაილუქა.
კორპუსის მცხოვრებლებმა სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ისინი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.
ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში, საიდანაც სამართალდამცავებმა გახრწნილი ხორცი ამოიღეს, შუა ხნის ქალი ცხოვრობს. მეზობლების თქმით, ქალმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კარი არ გაუღო, რის შემდეგაც პოლიციამ საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარებით შეძლო ბინაში შესვლა.
მეზობლები ამბობენ, რომ უსიამოვნო სუნი მათ უკვე თვეებია აწუხებთ. 18 ივნისს კი, მას შემდეგ, რაც ბინიდან გამოსული სუნი გაუსაძლისი გახდა, მათ სამართალდამცავები გამოიძახეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31906363.html
Source: radiotavisupleba.ge