ბორანო - აჭარული არამატერიალური კულტურული ძეგლი
Batumi Daily
ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს განუყოფელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა შექმნილი. მისი ისტორია საუკუნეების უკან იწყება. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.
ტრადიციული ფორმით, ბორანო არის იაღში (აჭარაში ასე ეძახიან ყველანაირ ცხიმს) ჩალბობილი ყველი. კერძი მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა) და ყანობა (ყანის აღება).
ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა
მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი/ბორანო.
2019 წელს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი მიენიჭა.
1 ულუფა ბორანოს მოსამზადებლად სულ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
1) აჭარული (ჩეჩილი/დაპწნილი) ყველი - 100 გრამი;
2)იაღი (კარაქი) - 50 გრამი
*შენიშვნები:
1) სასურველია, რომ ყველი დაძველებული იყოს.
აჭარელი მზარეულების თქმით, სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს განსაკუთრებულს ხდის.
2)თუკი ბორანო ოდნავ თხელი გამოგივათ, მობრაწული კარაქის მოსხმის შემდეგ შეგიძლიათ დაახლოებით, 50 გრამ პურის ფქვილი დაუმატოთ.
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ყველი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. დაასხით ადუღებული წყალი და დაალბეთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველი ძალიან მარილიანია, წყალი რამდენჯერმე შეუცვალეთ.
ტაფაზე გაადნეთ 50 გრამი კარაქი, ისე რომ კარაქმა მოყავისფრო ფერი მიიღოს. კარგად მობრაწული კარაქი მოასხით დამბალ ყველს და ამოურიეთ.
10-15 წუთი ასე გააჩერეთ.
გემრიელად მიირთვით!
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##batumidaily
##აჭარა
##ბათუმი
##ახალიამბებიაჭარაში