სპორტის სამინისტრომ კრივის ფედერაციას დაფინანსება შეუჩერა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებული ამ სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას კრივის ფედერაციამ აუწყა, სოციალურ ქსელში გავრცელებული საგანგებო განცხადებით. კრივის ფედერაცია ხალხს სთხოვს გვერდით დაუდგეს ქართულ კრივს.
„საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას შეუწყდა დაფინანსება გაურკვეველი ვადით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ ეტაპისთვის შეჩერებულია ყველა ღონისძიება და შეკრება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოკრივეთათვის. თითოეულ თქვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს იმ ახალგაზრდა მოკრივეების შრომის დაფასებაში, როგორებიც არიან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. საქართველოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, მრავალი შიდა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები. ქართველი მოკრივეებისთვის, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია. მოკრივეებისთვის, რომლებმაც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატებზე 15 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. მათ ამ შედეგით შექმნეს ქართული კრივის ახალი ისტორია. ჩვენო გულშემატკივრებო, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ჩვენი მკრივეების წინსვლასა და წარმატებაში, ქართული კრივის მეტად განვითარებაში. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქართული კრივის განვითარებას“ - წერია საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.
განცხადებას ანგარიშის ნომერიც ახლავს, რომელზეც მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ.
საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, უმკაცრესი სანქციის მთავარი მიზეზი კრივის ფედერაციის წესდებაა, რომელში ცვლილებების შეტანასაც სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, კატეგორიულად ითხოვს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31902526.html
Source: radiotavisupleba.ge