ლომჯარია: ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტის წინ გამართულ აქცია „შინ ევროპისკენ" „ფეისბუკის" პირად გვერდზე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ის მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ლომჯარიამ შთაბეჭდილებები რამდენიმე პუნქტად აღწერა:
კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;
აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;
ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;
მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქტი;
ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად.
გუშინ, 20 ივნისს, თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.
აქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.
აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე, წაიკითხეს მანიფესტი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, 2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, "ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე". მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31908263.html
Source: radiotavisupleba.ge