ყოფილ მაღალჩინოსანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს – „დედას 9 თვის შვილი გასტაცა“

Tbilisi Daily

ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. საქმე ეხება დავას, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მცირეწლოვანი შვილის დედასთან აქვს. 25 წლის ანასტასია შატალოვა ამბობს, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცოლად მოყვანას პირდებოდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა. შატალოვა ამჟამად ბავშვის დაბრუნებისთვის იბრძვის. „პრაიმტაიმს“ მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი ესაუბრა. „მას ურთიერთობა ჰქონდა ჩემს კლიენტთან, რომელიც 27 წლით უმცროსია, შეეძინათ ბავშვი. პირდებოდა, რომ ცოლად უნდა მოეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ხელმეორედ იქორწინა მის პირველ მეუღლეზე, რომელთანაც ასევე ორი შვილი ჰყავს. თვენახევრის წინ ბავშვს გვარი მისცა, მანამდე დედის გვარზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეს გოგო საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. ერთ დღესაც ჩამოაკითხა და სთხოვა – ზუსტად 7 დღით წავიყვან ბავშვს, და-ძმას გავაცნობ და უკან ჩამოგიყვანო. ადამიანობას გეფიცები ერთ კვირაში მოგიყვანო. მეოთხე კვირა დაიწყო და ბავშვს არ უბრუნებს. იყო მუქარები მის მიმართ. პოლიციაში შევიტანეთ განცხადება. გამოიწერა შემაკავებელი ორდერი და ამავე ორდერით დედას მიეცა თანხმობა, რომ მესამე პირის მეშვეობით მოინახულოს საკუთარი შვილი, რომელიც პრაქტიკულად ძუძუდან ააცალეს. ამის შემდეგ ძლივს მოავახეხეთ, რომ ბავში დედას რამდენჯერმე მაინც ენახა, თუმცა სოციალური სამსახურის რეკომენდაციით ერთ-ერთი ვიზიტის დროს ზურაბ ბერიძის დაცვის სამსახურმა არ მოგვცა შესვლის უფლება, მოგვაყენეს შეურაცხყოფა, მათ შორის მეც, გვაგინეს უშვერი სიტყვებით, რის გამოც გამოვიძახეთ პოლიცია. მადლობა მინდა გადავუხადო ადგილზე მოსულ ეკიპაჟს, რომელიც აბსოლუტური გაგებით მოეკიდა დედის მდგომარეობას, თუმცა იქ უკვე ისეთი სიტუაცია იყო უკან გავბრუნდით. სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი დროიებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ანუ სანამ სასამართლო დავით გადაწყდებოდა ბავშვის მეურვეობის საკითხი, დედა დაბრუნებოდა ბავშვს, თუმცა მოსამართლის განჩინებაში ნახსენებია ვიღაც პიროვნება, ვინმე გიორგი ტუღუში, რომელიც ამ საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს და წერია – მხარეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზეო. ვინ არის ეს გიორგი ტუღუში? საიდან მოიტანა მოსამართლემ არ ვიცით და ვერც ვარკვევთ, რადგან დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერად აქტად მიიჩნევა და არ საჩივრდება, შესაბამისად, იმის უფლებაც კი არ გვაქვს გავარკვიოთ, რის საფუძველზე გვითხრა მოსამართლემ უარი. რა შუაშია „გიორგი ტუღუში“, როცა საჩივარი შეტანილია ჩემი კლიენტის სახელით. გვაქვს ეჭვი, რომ ამას ტექნიკურ შეცდომას დააბრალებენ, თუმცა ამ ტექნიკური შეცდომით ჩვენ დავზარალდით. ასევე დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ზურაბ ბერიძემ გამოიყენა თავისი გავლენები მოსამართლესთან, რომელიც ასევე აჭარელია და ბერიძის სახელი მისი წარსული თანამდებობებიდან გამომდინარე კარგად არის ცნობილი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი. „პრაიმტაიმი“ ზურაბ ბერიძის პოზიციითაც დაინტერესდა. ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ დედა ბავშვს უპრობლემოდ ნახულობს. „როცა მოესურვება ნახულობს ბავშვს, სრულიად მშვიდად და წყნარად. არავინ არ უშლის. არანაირი მოტყუებით არ წამომიყვანია ბავშვი. რატომ არის ჩემთან? ეს არის სამოქალაქო დავის საკითხი, როგორც გადაწყვეტს სასამართლო ისე იქნება“, – გვითხრა ზურაბ ბერიძემ, რომელმაც დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და გვთხოვა, მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლოთ.