პუტინი მხარეებს მარიუპოლის, რუმინეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს სთავაზობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელს არ შეუშლის. მან ამის გაკეთება შესთავაზა მარიუპოლისა და ბერდიანსკის რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტების, უკრაინის მიერ კონტროლირებადი პორტების და რუმინეთის, პოლონეთისა და ბელორუსის გავლით სარკინიგზო გზით. ინტერვიუს ფრაგმენტი არხმა "რუსეთი-24"-მა გაავრცელა. პუტინის თქმით, ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულით უკრაინული გემების გავლის გარანტიას იძლევა, თუ კიევი ნაღმებისგან გაასუფთავებს ფარვატერს. პუტინი პირობას დებს, რომ ამ ვითარებას მოსკოვი სამხედრო შეტევისთვის არ გამოიყენებს. პოლიტიკოსი უარყოფს, რომ სურსათის ბაზარზე სიტუაცია რუსეთის გამო გაუარესდა და აცხადებს, რომ ნეგატიური დინამიკა საერთაშორის ბაზარზე ომამდე დაიწყო. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ხუთ უმსხვილეს მწარმოებელს შორის არიან. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დაწყების შემდეგ, სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა. მარცვლეულისა და საწვავის ფასების ზრდა გავლენას ახდენს ნებისმიერი საკვების ფასებზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მაისში განაცხადა, რომ მსოფლიოს 43 ქვეყნის 49 მილიონ მაცხოვრებელს ომის ფონზე შიმშილი ემუქრება. გაერომ მოსკოვს მოუწოდა, რომ მარცვლეულის ექსპორტის რუსეთის პორტებიდან ნებართვა გასცეს. ეს თემა პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31882495.html

Source: radiotavisupleba.ge