ჩეხეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები კორონავირუსის ეპიდემიის გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩეხეთში, სადაც წუხელ კორონავირუსის 4 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ უფრო გამკაცრდა შეზღუდვები. მთავრობის გადაწყვეტილებით 12 ოქტომბრიდან დაიხურა ყველა სპორტდაბაზი, კინო-თეატრი, მუზეუმი და გალერეა. 14 ოქტომბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატება რესტორნები, ბარები და კლუბები. თუმცა რესტორნები იმუშავებენ შეზღუდულად. კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საჭმლის მიტანის მომსახურებით. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, 2 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა საბავშვო ბაღებისა. იზღუდება ღია სივრცეში ექვს კაცზე მეტი ადამიანის შეკრება და ალკოჰოლის მოხმარება. ყველა სახის ტრანსპორტში მგზავრები ვალდებული არიან ატარონ სანიტარული პირბადეები. ასევე იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება ეკლესიებში. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ეკლესიებში 2 ნოემბრამდე აიკრძალა გალობა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჩეხეთში საგრძნობლად გართულდა ეპიდემიური ვითარება. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 62 170 აქტიური შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსისგან 1051 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის გამო ჩეხეთიდან მგზავრების მიღება აკრძალეს ნიდერლანდმა, დანიამ, ბელგიამ, კვიპროსმა და რუმინეთმა. ავსტრიაში, გერამიასა და სლოვაკეთში გამგზავრებამდე ჩეხეთის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ შემოწმება და დარწმუნდნენ, რომ არ არიან კორონავირუსით დაინფიცირებული.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30890810.html #ახალი_ამბები #twitter