სოფო გორგოძე -  აბიტურიენტებს შევუქმენით შესაბამისი გარემო და თავიდან ავიცილეთ ვირუსის გავრცელების საფრთხე

Tbilisi Daily

როცა გამოცდებს ვიწყებდით, ჩვენი მიზანი, პანდემიის პირობებში, აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნა იყო, რომ მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ თავიანთი ცოდნისა და უნარების გამოვლენა. ამასთან, ჩვენი მიზანი იყო, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელების საფრთხე. სხვადასხვა უწყებების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიზანი მიღწეულია, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ქუთაისში, ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში ყოფნისას განაცხადა. „თითოეულ უწყებას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. გვქონდა გარკვეული პრობლემებიც, იყო შემთხვევა, როცა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი გვყავდა, მაგრამ, მანაც და ყველა დანარჩენმა აბიტურიენტმა, რომელთაც კარანტინში მოუწიათ გადასვლა, შეძლეს და ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს“ - განაცხადა სოფო გორგოძემ. დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო გამოცდის ტესტირებით დასრულდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 6 ივლისს დაიწყო. 10 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ კორონავირუსი ერთ აბიტურიენტს დაუდასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფიცირებულს საგამოცდო პროცესის დასრულების საშუალება იმ სამედიცინო დაწესებულებაში მიეცა, სადაც ის მკურნალობს.