"კაცი კარადიდან, რომელსაც თან სდევს ნაფტალინის სუნი..."
Zugdidi Daily
პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც როგორც გინდა, სიტყვებს ისე აბრუნებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.
საინტერესოა, როგორია თანამედროვე ქართული პოეზია და რამდენად ღირებულია ის.
ქართულ ლიტერატურულ წრეებში დომინირებს აზრი, რომ საქართველოს დღეს არა ყავს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, რადგან ასეთები თითზე ჩამოსათვლელადაც ცოტაა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ქართული პოეზია საერთოდ ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას უბრალოდ წლები სჭირდება. სახელდობრ, რომელია და რა საფეხურია – ჯერ არ კონკრეტდება. თუმცა საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ თითზე ჩამოსათვლელი თანამედროვე პოეტების რიგში, თემურ ელიავა მყარად იკავებს ადგილს.
Zugdidi daily-ს რუბრიკა "წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" დღევანდელი სტუმარია ყველასათვის ცნობილი, თანამედროვე პოეზიის ერთ-ერთი წარმომადგენელი - თემურ ელიავა.
მახსოვს ვიღაცამ, თუმცა ვერ ვიხსენებ ვინ, ავტორის ბიოგრაფია ნათურას შეადარა, რომელიც ისედაც ნათელ სივრცეში იწვოდა. თქვენზე მოგვიყევი რამე, ვინ არის თემურ ელიავა?
-თემურ ელიავა არის კაცი კარადიდან რომელსაც თან დევს ნაფტალინის სუნი. ჩემი მოწოდებაა ფანჯრიდან ყურება და ლექსების წერა... სულ ესაა ის, რისი თქმაც შემიძლია საკუთარ თავზე.
სიამოვნება, რომელიც ლექსის წერას ახლავს თავს - როგორია?
როგორია პოეზიის თქვენეული მოდიფიკაცია?
-მე წმინდა წყლის ლირიკოსი ვარ...
ლექსის დასაწერად სურვილი არ კმარა. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც კონფლიქტს გამოქცეული შინაგანი ხმა გკარნახობს.
კრიტიკოსს ყოველთვის წავაწყდებით. საინტერესოა, გაქვთ თუ არა ისეთი ლექსი, რომელიც საზოგადოების კრიტიკის საგანია. და თუ კი, თქვენზე როგორ მოქმედებს საზოგადოების ამ ნაწილის უარყოფითი შესაფსება?
-დიახ, არაერთი.
და მეტიც, ვეთანხმები კრიტიკოსებს! ჩემი ბევრი ლექსი, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში მქონდა დაწერილი, მოხვდა სოციალურ ქსელში და დაიმსახურა ჯანსაღი, სამართლიანი კრიტიკა.
რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?
-ის, რომ სხვა არაფრის კეთება არ ვიცი...
როგორც ვიცი წარმოშობით სოხუმიდან ხართ. როგორია, ნოსტალგია, რომელიც სოხუმის ხსენებისას იღვიძებს.
-მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი 5 წლის, სოხუმი ომის მერეც გრძელდებოდა იმ ადამიანებში, ვინც მაშინ ჩემ გვერდით იყვნენ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სოხუმს მე სულ ახლახანს დავცილდი, როდესაც გარდაიცვალა...
მკითხველს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, თუმცა თემური, რომელსაც დღეს პოეტის ამპლუაში ვიცნობთ, საზოგადოებამ პირველად ჰიპ-პოპერის შესრულებით გაიცნო. მოგვიყევით ამ მიმართულებაზე. როგორი იყო ჰიპ-პოპიდან პო
-მე ტექსტების წერით მოვხვდი მაგ საქმეში. სანამ ენთუზიაზმი მქონდა - ვიყავი. ახლა, მგონი აღარც ვუსმენ, თუმცა მეგობრები დამიტოვა ბევრი.
საქართველოში ცოტა თუ იქნება ისეთი, ვისაც თქვენი შემოქმედება ერთხელ მაინც არ წაუკითხავს, შესაბამისად, გიცნობთ ძალიან ბევრი. მაინტერესებს თქვენეული შეფასება პოპულარობაზე.
-პოპულარობა უხერხულია... საბედნიეროდ, არ ვთვლი რომ ძალიან პოპულარული ვარ.
რომელ ლექსს გამოარჩევდით თქვენი კრებულიდან?
-როგორც წესი, უკანასკნელ ლექსს გამოვარჩვ ხოლმე, მაგრამ, ვინაიდან ეს ლექსი არც ერთ კრებულში არ არის შესული, უნდა ვახსენო პოემა "წასვლა".
რომელი ავტორი აღგაფრთოვანებთ?
-ედგარ ალან პო, ბროცკი, ბესიკ ხარანაული.
ერთი პოეტური კრებული წავიკითხე, რომლის წინასიტყვაობაშიც ნათქვამი იყო, - აღარ ვიცი პოეზიამ იმაზე მეტი რაღა უნდა ქნას, რაც დღემდე გააკეთაო. რა უნდა ქნას პოეზიამ დღეს?
-იგივე რასაც ადრე აკეთებდა, მე არ ვეძებ სიახლეებს პოეზიაში.
როგორც ვიგებთ, თემურ ელიავა ამ წლის ბოლომდე ახალი კრებულის გამოცემას გეგმავს.
დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი რუბრიკის სტუმარი! გისურვებთ წარმატებებს და მიზნების რეალიზებას!
-თვენც ასევე, წარმატებებს გისურვებთ!
- ვ ე რ ლ ი ბ რ ი -
როცა აივანთან ჩაივლის პროცესია,
მე კი, აივნიდან ხოშიანად გადმოვაფურთხებ,
სიმღერას შეწყვეტენ ისინი,
ვინც ღმერთი დამაკარგვინა
და უღმერთოს მიწოდებენ.
მართლმადიდებლურად დაიბოღმებიან,
გზას ლოცვა-ლოცვით გაუყვებიან
ტაძრისაკენ.
აუცილებლად დამიმახსოვრებს ერთ-ერთი მათგანი,
რათა მოგვიანებით,
როგორც კი მარხვა დასრულდება,
ყოვლადბრძენი მამაოს კურთხევით
საქმე გამირჩიოს.
მაგრამ ჯერ ადრეა,
ჯერ სამოთხე უნდა გაინაღდონ.
რამდენი რამ არ იცით ჩემზე, უბრალოდ, ეჭვი გაქვთ,
რომ ღამ-ღამობით კატებს ვკლავ სასაფლაოზე და
რქები ამომდის.
აქ ჩემი ცოლი არაფერ შუაშია,
მე იმ ხეპრე პოლიციელისგან განსხვავებით,
სულ სხვა მიზეზით ამომდის რქები -
აიდი ბარათი მაქვს აღებული იუსტიციის სახლში.
არიქა, საქმეს ნუ დაიჭერთ ჩემთან,
ჩემი საქმე წასულია!
თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში კი არა,
სარჩევნო სიებშიც არ ვარ.
ასე რომ, არაფერში მიმიძღვის ბრალი,
თუ არ ჩავთვლით მამაჩემის უეცარ სიკვდილს,
რომელიც, ჩემგან განსხვავებით,
არის საარჩევნო სიაში.
მე კი ვერლიბრებს ვეჩვევი და სმას თავს ვანებებ.
ხომ ვთქვი, ჩემი საქმე წასულია-მეთქი...
ღვაწლმოსილ მწერალს
არასდროს უჩუქნია ჩემთვის კალამი,
აღარც დუელიანტი ვარ, გასული საუკუნის,
აღარც კავალერი ვარ, რომელიმე ორდენის,
ბერეტი და შარფიც კი არ მაქვს.
სამაგიეროდ, სისხლი მაქვს აზნაურის
და რაიონული სასამართლოს დადგენილება
სამართალდამღრვევ თემურ ელიავას შესახებ,
რომელიც მთვრალი, შუაღამით, ქუჩაში ყეფდა.
2
ზამთარია, რა ხანია, მკვდარი ვარ
და ახლა, როგორც არასდროს
რაღაცას წარმოვადგენ!
წესი იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა ამიგო,
ჩემს დასახიჩრებას რომ ლამობდა
მარხვის დასრულებისთანავე.
სასაცილოა,
იმ სასაფლაოზე დამკრძალეს, სადაც
ყოველ ორშაბათს კატებს ვკლავდი და
ვინ იცის, კიდევ რას ჩავდიოდი.
მართალია, ორდენის კავალერი ვერ გამხადეს,
მაგრამ შარფი და ბერეტი სულაც არ ყოფილა პრობლემა -
უხვად ჩამატანეს პოეზიის ლაწირაკებმა.
წინ ღვაწლმოსილი მწერალი მიუძღოდათ,
პირადი კალმით გულის ჯიბეში -
ხომ ვთქვი,
როგორც არასდროს, რაღაცას წარმოვადგენ-მეთქი.
რაც მთავარია,
ამომშალეს ნისიების დავთრიდან
და ავტომატურად ავღმოვჩნდი საარჩევნო სიაში,
მამაჩემის სახელის გვერდით.
/ თ. ელიავა/
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#წარმატებულიადამიანებისამეგრელოდან
#სამეგრელო
#თმურელიავა
#ლიტერატურა
#განათება
#პოეზია
#ხელოვნება
#პოეტი
#ზუგდიდი
#ახალიამბები
#zugdididaily