ემანუელ მაკრონი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე ტალღისა და მესამე ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად

Tbilisi Daily

საფრანგეთი შაბათიდან კოვიდ 19-ის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების დაწყებას გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში შობისთვის მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება, ადამიანებს კი დღესასწაულის თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად გატარების საშუალება ექნებათ. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოქალაქეებს გარეთ გასვლისთვის ისევ სპეციალური დოკუმენტი დასჭირდებათ, თუმცა, შაბათიდან მათ სავარჯიშოდ გასვლის უფლება ერთის ნაცვლად სამი საათით ექნებათ. ამასთან, თავიანთი სახლებიდან არა 1, არამედ 20 კილომეტრი რადიუსით გადაადგილებას შეძლებენ. იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა 5 000-მდე შემცირდება, კარანტინი გაუქმდება, თუმცა 21:00-დან 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე დაკეტილი დარჩება, რაც, მისი განმარტებით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა აიცილოს თავიდან. “კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის ყველაზე უარესი პერიოდი საფრანგეთში დასრულდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე ტალღისა და მესამე ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა ამბებმა ვაქცინებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შესახებ იმედი გააჩინა და საფრანგეთს კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება "დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში" სურს. ცნობისათვის, საფრანგეთში პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 50 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.