ნატო მოუწოდებს რუსეთს აღადგინოს მონაწილეობა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთმა სასწრაფოდ უნდა აღადგინოს მარცვლეულის შესახებ შეთანხმების მოქმედებ, რათა უკრაინამ შეძლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაგრძელება, - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ.
"პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს სურსათის იარაღად გამოყენება და დაასრულოს უკანონო ომის უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და სასწრაფოდ აღადგინოს შეთანხმება, რათა სურსათი მიიღონ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება", - განაცხადა ლუნგესკუმ, რომლის სიტყვებსაც სააგენტო Reuters-ი იმოწმებს.
ნატოს მაღალჩინოსნის თქმით, ივლისში თურქეთში დამტკიცებულ მარცვლეულის შეთანხმებას მხარს ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა უჭერს.
ამის ფონია კრემლის 29 ოქტპმბრის განცხადება, რომ რუსეთი შეთანხმებას წყვეტს სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას „სრულიად აღმაშფოთებელი უწოდა და თქვა, „ამ საქციელს გამართლება არა აქვსო. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი თქვა - მოსკოვი საკვებს იარაღად იყენებს და ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.
გაერომ და ევროკავშირმა მოსკოვს მოუწოდეს ღადგინოს მონაწილეობა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს.
სააგენტო "ბლუმბერგმა" 30 ოქტომბერს ანონიმ თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთმა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან მარცვლეულის შესახებ შეთანხმების სტატუსის გარშემო და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებით შესაძლებელი გახდება "პროგრესის მიაღწევა"
https://www.radiotavisupleba.ge/a/32107771.html
Source: radiotavisupleba.ge