უკმაყოფილო სტუდენტებს კვლავ დაკავებული აქვთ ბუდაპეშტის კინოს და თეატრის უნივერსიტეტის მთავარი შენობა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ათეულობით სტუდენტი აგრძელებს 8 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ცენტრში კინოს და თეატრის უნივერსიტეტის (SZFE) მთავარი შენობის დაკავებას მათთვის საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე. ისინი პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ ცვლილებები მოხდეს სასწავლებლის მმართველობაში, რაც, სტუდენტების აზრით, საფრთხეს უქმნის მათი უნივერსიტეტის ავტონომიას.
დაპირისპირებამ კინოს და თეატრის ცნობილი სასწავლებლის კონტროლის გარშემო ქუჩაში გადაინაცვლა ორი დღით ადრე, როცა სტუდენტებმა, თანამშრომლებმა და მათმა მომხრეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ცვლილებების წინააღმდეგ, რომელთა ავტორია ნაციონალისტური, კონსერვატული მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თავმჯდომარეობით.
ცვლილება 1 სექტემბრიდან სახელმწიფო ორგანიზაციის კერძო ფონდისთვის გადაცემას და სპეციალური სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც სახელგანთქმული უნივერსიტეტის გარშემო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
სასწავლებლის ხელმძღვანელობა და წამყვანი პროფესორები გადადგნენ პროტესტის ნიშნად, ხოლო სტუდენტთა ჯგუფმა დაიკავა შენობა პირველ სექტემბერს.
უნგრეთის მედიის თანახმად, მსოფლიოში ცნობილმა ხელოვანებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა და მსახიობებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც წერენ, რომ ბუდაპეშტის ამ სასწავლებელში ცვლილებები „საერთო კულტურული ომის ნაწილია კულტურის ყველა სივრცის და ინსტიტუტის ავტონომიის გასაძარცვად“.
155 წლის სასწავლებელი დაამთავრა რამდენიმე ოსკაროსანმა, მათ შორის, „კასაბლანკის“ რეჟისორმა, მაიკლ კერტისმა.
ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტმა, ვიმ ვენდერსმა და გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაიკ დაუნიმ სინანული გამოთქვეს, რომ უნივერსიტეტის სენატმა დაკარგა გადაწყვეტილების მიღების უფლება და პრაქტიკულად უნივერსიტეტს აღარ აქვს აკადემიური ავტონომია.
ბოლო წლებში, ორბანის მთავრობამ არაერთი უნივერსიტეტი დაუქვემდებარა კერძო ჯგუფების კონტროლს, რომლებშიც, ოპონენტების თანახმად, მისი მოკავშირეები დომინირებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30827576.html
#ახალი_ამბები
#twitter