პოლიციამ დააკავა ჩიკაგოსთან მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში. 4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა სროლა დაიწყო, 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ სახურავზე დატოვებული შაშხანა აღმოაჩინა. მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის მიხედვით დაწყებული ძებნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქალაქ ლეიკ-ფორესტის მახლობლად. ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. აშშ-ში ხშირია მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში სროლის შემთხვევები. 1 ივნისს, შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში, წმინდა ფრანცისკეს სახელობის ჰოსპიტლის კამპუსში. 24 მაისს, 18 წლის ტეხასელმა 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი მოკლა ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში.  ამერიკულ არაკომერციულ ჯგუფს, Gun Violence Archive-ს 2022 წლის დასაწყისიდან, აღრიცხული აქვს 309 მასობრივი სროლა და 15 მასობრივი მკვლელობა. 25 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების კანონს, რომელიც ითვალისწინებს იარაღის შეძენის მსურველი, 18-21 წლის ასაკის პირების უფრო მკაცრად შემოწმებას. იარაღს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიძენს ოჯახური ძალადობისთვის სასჯელმოხდილი პირი. 15 მილიარდი დოლარი გამოიყო სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებისთვის და მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებისთვის. https://www.radiotavisupleba.ge/a/31929293.html

Source: radiotavisupleba.ge