დიდი შვიდეული უკრაინას ჰპირდება დახმარებას, "რამდენ ხანსაც საჭირო იქნება"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დიდი შვიდეულის (G7) წამყვანი დემოკრატიების ლიდერების თქმით, ისინი ძალაში დატოვებენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება, და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე - ისევე, როგორც მის მხარდამჭერებზე ბელარუსში - გააძლიერებენ საერთაშორისო ზეწოლას.
27 ივნისს, გერმანიაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის მეორე დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და აშშ-ის ლიდერები მხარს უჭერენ სანქციების "შენარჩუნებას და ინტენსიფიცკაციას". განცხადების თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები "გააგრძელებენ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გამოყოფას და უკრაინის გვერდით იდგებიან, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება".
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ეს დაპირებები მნიშვნელოვანია პუტინზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, "სისხლისგამყინავი" იქნება ის, რომ პუტინს შერჩეს ძალადობრივი დაუფლება სხვა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილებზე.
დიდი შვიდეულის ქვეყნები ასევე გამოვიდნენ დაპირებით, რომ იმუშავებენ რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების კიდევ უფრო შესამცირებლად, და სანქციებსაც გააფართოებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31918391.html
Source: radiotavisupleba.ge