ყარაბაღის ომში დაზარალებულებისთვის აშშ 5 მილიონ დოლარს გამოყოფს – პომპეო

Pirveliradio Ge

აშშ-ის სახეწლმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. "ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით",-ნათქვამია განცხადებაში. პომპეოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად შეთანხმების მხოლოდ პირველი ნაბიჯია: "მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში",-წერია განცხადებაში.