საქართველოს პარლამენტი მთავრობას ნდობას 24 დეკემბერს გამოუცხადებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პარლამენტი მთავრობას ნდობას 24 დეკემბერს გამოუცხადებს, მანამდე პარლამენტის კომიტეტებსა და უმრავლესობის ფრაქციაზე წარდგენილი მინისტთა კაბინეტის მოსმენა გაიმართება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია თავის გუნდთან და სამთავრობო პროგრამასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში 4 შინაარსობრივ ბლოკად დაჯგუფებულ კომიტეტებში წარსდგება. კერძოდ, 21 დეკემბერს პირველი იქნება ეკონომიკური ბლოკი, მეორე ბლოკი კი რომელიც მთავრობის შემადგენლობას იმავე დღეს მოუსმენს, იქნება საგარეო და უსაფრთხოებისა და დიასპორის ბლოკი.
მოსმენები გაგრძელდება მომდევნო დღეს, 22 დეკემბერსაც და ამჯერად მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები ჯერ სოციალური ბლოკის კომიტეტების წინაშე წარსდგებიან, შემდეგ კი იურიდიული და ადამიანის უფლებების კომიტეტთა ბლოკის წინაშე. 23 დეკემბერს მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეპუტატები ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან, ხოლო 24 დეკემბერს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე შეძლებს განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტს.
ბიუროს სხდომაზე 18 დეკემბერს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირება შეთავაზებული გრაფიკით 24 დეკემბერს დასრულდება.
„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად დასამტკიცებლად 18 დეკემბერს წარუდგინა პარლამენტს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31007847.html
#ახალი_ამბები
#twitter