როგორ ჩავირიცხოთ ამერიკულ უნივერსიტეტში IV: TOEFL
Batumi Daily
წინა სტატიებში ჩვენ განვიხილეთ სატის ტესტირება, მოხალისეობის მნიშვნელობა და კლასგარეშე აქტივობები. დღეს TOEFL-ის ტესტს განვიხილავთ.
ამერიკული თუ სხვა ინგლისურენოვანი უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მოგთხოვთ დაადასტუროთ, რომ ინგლისურს საკმარისად კარგად ფლობთ. ამისთვის მხოლოდ სკოლის ინგლისური არ არის საკმარისი - როგორც წესი, ყველა მოსწავლე იმ ქვეყნებიდან, სადაც ინგლისური ძირითადი ენა არ არის, საჭიროებს TOEFL-ისა ან IELTS-ის ტესტს. TOEFL ამერიკაში უფრო გავრცელებულია, თუმცა ორივე ტესტი მიიღება უნივერსიტეტებში და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომელს ჩააბარებთ. ამასთანავე, თუ ბოლო 2-3 წელი ინგლისურენოვან ქვეყანაში ცხოვრობდით ან ინგლისურად სწავლობდით, შესაძლოა, ტესტი არ მოგთხოვონ.
TOEFL-ის ტესტი თუ მაინც დაგჭირდათ, საჭიროა ზოგადი ცნობები ჰქონდეთ ტესტირების პროცესზე. ტესტი შედგება კითხვის, წერის, მოსმენისა და სალაპარაკო ნაწილებისგან. ამგვარად, ის ინგლისურის ცოდნას ყველა ოთხ ნაწილში ამოწმებს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 120. 100-105-ზე მეტი ქულა უკვე შესანიშნავ შედეგად ითვლება და ყველა უნივერსიტეტში გიხსნით გზას. ნაკლები ქულითაც შეგიძლიათ, სხვადასხვა კოლეჯში მოხვდეთ, თუმცა თქვენთვისვე უკეთესი იქნება, თუ მაქსიმალურ შესაძლებელ შედეგს დადებთ.
TOEFL-ისთვის მოსამზადებლად ბევრი ფასიანი და უფასო სერვისი არსებობს. ტესტის ჩაბარებაც ფასიანია. როგორც წესი, ტესტი სპეციალურ ცენტრებში ბარდება კომპიუტერთან, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, ახლა უკვე სახლშიცაა შესაძლებელი TOEFL-ის ჩაბარება. რა თქმა უნდა, მკაცრი ონლაინ-მეთვალყურეობის ქვეშ.
ტესტი ინგლისურის ცოდნას კი ამოწმებს, თუმცა, მისთვის მომზადება სპეციფიკური დავალებების შესრულებას მოითხოვს. მაგალითად, TOEFL-ის წერითი ნაწილი განსხვავდება ჩვეულებრივი წერისგან და სანამ ტესტის დაწერას დააპირებთ, სჯობს, კარგად შეისწავლოთ ტესტის სტრუქტურა. ასევე, ხშირად მოსმენის ნაწილი რთულია შეუჩვეველი ყურისთვის. ეცადეთ, ამერიკულ სალაპარაკო ინგლისურს შეეჩვიოთ ფილმების ყურებით. TOEFL-ი აკადემიურ გარემოზეა მორგებული, ამიტომ ტესტის კონტენტი იმ სიტუაციებს ეხება, რასაც ამერიკულ საკლასო ოთახში წააწყდებით.
ტესტამდე ბევრი იკითხეთ, ივარჯიშეთ წერაში და მოსმენაში. ასევე, ჩართეთ წამზომი და ეცადეთ, სწრაფად და დაფიქრებულად ლაპარაკში ივარჯიშოთ. შეგიძლიათ ბათუმის ამერიკულ კუთხეში მოიძიოთ ტოეფელისთვის მოსამზადებელი მასალა აბსოლუტურად უფასოდ. ინტერნეტშიც ბევრი კარგი და უფასო რესურსია. ტესტის ჩაბარება კარგია მაშინ, თუ უკვე ფლობთ ენის B2 დონეს მაინც.
#ტოეფელი #TOEFL #ამერიკა #ისწავლე_საზღვარგარეთ #batumidaily