ნიღბის გაკეთების შემდეგ მასზე გარედან ხელით შეხება დაუშვებელია - ზახაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142832
ნიღაბი სახეზე აუცილებლად სუფთა ხელებით უნდა მოთავსდეს, რომ ის მაქსიმალურად ფარავდეს ცხვირსა და პირს. ნიღაბზე გარედან ხელით შეხება არის აბსოლუტურად დაუშვებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებული ყურადღება ნიღბის გამოყენების წესებს უნდა მიექცეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ნიღბების გამოყენების წესის ამსახველი არაერთი ვიდეოა გავრცელებული, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მას არასწორად მოიხმარენ. ნიღაბი სახეზე აუცილებლად სუფთა ხელებით უნდა მოთავსდეს, რომ ის მაქსიმალურად ფარავდეს ცხვირსა და პირს. სამედიცინო ნიღაბს აქვს სპეციალური სამაგრი, რომელიც ცხვირზე კარგად უნდა იყოს მორგებული, ხოლო შემდგომში ნიღაბზე გარედან ხელით შეხება არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ასეთი ნიღაბი უნდა გამოიცვალოთ 2-3 საათში ერთხელ. მრავალჯერადი გამოყენების ნიღაბი კი უნდა გაირეცხოს და გაუთოვდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნიღბის ტარება არაა რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა ბავშვების ფიზიკურ და სოციალურ დისტანცირებაზე უნდა იზრუნონ“, - განაცხადა ზახაშვილმა.