ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული 63 შემთხვევიდან  7 კოვიდინფიცირებულის წყარო უცნობია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 7 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მიაწოდა. მისი თქმით, ასევე ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, რაც თავის მხრივ, დამაფიქრებელი ინდიკატორია: „ჩვენთან ბოლო ერთი თვის და თვენახევრის განმავლობაში მოგეხსენებათ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა რევერსი და გვაქვს პირიქით, ანუ ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც ასევე ინდიკატორია, რომელსაც აუცილებლად ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი ზომები გასატარებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი მონაცემებით, 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის, აქედან ყველაზე მეტი, 14, სოფელ ყალაჯარალში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე გარდაბნის საკარანტინო ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს. ამირან გამყრელიძის თანახმად, მოსახლეობას თერმოსკრინინგი და გაფართოვებული ტესტირება უტარდება. ბოლო დღეებში გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30739327.html #ახალი_ამბები #twitter