საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ვითხოვთ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ მდგომარეობა..-მეზვრიაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141998 საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ვითხოვთ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ მდგომარეობა და ეფექტიანად ვმართოთ პიკი - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს. პრემიერის აპარატის უფროსმა განმარტება გააკეთა, თუ რატომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირველ ეტაპზე. მისი თქმით, მთავარი მიზეზი იყო შიდაგავრცელების დაწყება და ეპიდსიტუაციის დამძიმება. „საგანგებოს დროს დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ვაცნოცბიერებთ, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული, ეს იყო მთავარი პრინციპები, რითაც ვხელმძღვანელობდით მიმართვის დროს. ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების დაცვა და მათი ჯანმრთელობა. პრეზიდენტს მივმართეთ მას შემდეგ, რაც ამოვწურეთ სხვა საშუალებები - ამაზე წესით კითხვები არ უნდა არსებობდეს. მოქმედება დავიწყეთ შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე ჩინეთიდან ფრენების შეჩერებით - შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ეფექტიანად მუშაობს და ასრულებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. წინმსწრებმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა. როცა რეალურად ამოვწურეთ ყველა საშუალება, ამის შემდეგ მივმართეთ პრეზიდენტს - ძირითადი მოტივაცია, ასევე იყო, ვირუსის შიდაგავრცელების ეტაპი. ამის გამო აუცილებელი გახდა გარკვეული კონსტიტუციური უფლებები შეგვეზღუდა - ამის გაკეთება შეუძლებელია საგანგებოს გამოცხადების გარეშე. როცა სოციალურ დისტანცირებას არ ასრულებდნენ მოქალაქეები, აუცილებელი გახდა გადაადგილების უფლების შეზღუდვა. შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც მოქალაქეთა მობილობის შემცირებას შეუწყობდა ხელს და რომლებიც დისტანციის დაცვას უზრუნველყოფდა. ამიტომ მოხვდა ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობა. შეზღუდვების გამკაცრება იყო ეტაპობრივი და ვირუსის გავრცელების შესაბამისი. ამ თანმიმდრევრული რეკომენდაციებით შევძელით, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის სისტემა უკეთ მომზადებულიყო. რეალურად ამ საგანგებო მდგომაროებამ შესაძლებლობა მოგვცა, აგვემუშავებინა ცხელი ხაზი, ცხელების კლინიკები და ა.შ.", - განმარტა მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილმა, ასევე, განმარტა, თუ რატომ მოითხოვა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. მისი თქმით, აუცილებელია მიღწეული შედეგის შენარჩუნება და ამისთვის აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს. „ჩვენ რეალურად ადრეული პრევენციით შევძელით მძიმე შედეგების თავიდან არიდება - უმთავრესია არსებული სურათის შესანარჩუნებლად საგანგებო მდგომარეობის გამოყენება. როგორც ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისი პირველი ორი კვირის დროს - ამ დროს მნიშვნელოვანია, საგანგებო მოქმედებდეს. გვესმის, რა გავლენას ახდენს ეს ეკონომიკაზე, მაგრამ ამ მიმართულებითაც გადაიდგა ნაბიჯები და კიდევ იგეგმება. თუკი შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით, არა ეტაპობრივად, არსებობს სიტუაციის გაუარესების საფრთხე. გაგრძელებას ვითხოვთ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ მდგომარეობა და ეფექტიანად ვმართოთ პიკი, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეტაპობრივად და დროულად ავამუშავოთ ეკონომიკა. გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.