ფინეთი და შვედეთი თურქეთთან მოლაპარაკებებს გამართავენ ნატოში გაწევრიანების თაობაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო და შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი ნატოში გაწევრიანების შეფერხებულ პროცესზე ესაუბრებიან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს 28 ივნისს, ნატოს მადრიდის სამიტის წინ. ამის შესახებ ჰელსინკიმ განაცხადა 27 ივნისს.
„პრეზიდენტი ნიინისტო ხვალ მადრიდში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ანდერსონსა და ნატოს გენერალურ მდივან [იენს] სტოლტენბერგს,“ დაწერა ტვიტერში ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა. ცნობის თანახმად, შეხვედრამდე „დღეს (27 ივნისს) მოლაპარაკებები გაიმართება ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენელთა შორის, რასაც ნატო უმასპინძლებს ბრიუსელში.“
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ფინეთსა და შვედეთს უბიძგა, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეეტანათ. მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას, ვინაიდან, მისი თქმით, ისინი ეხმარებიან „ტერორისტულ ორგანიზაციებს“. ერდოანმა იგულისხმა „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) და ქურთული გასამხედროებული ორგანიზაცია „სახალხო თავდაცვის რაზმი“ (YPG) სირიაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31916798.html
Source: radiotavisupleba.ge