ერევნის ცნობით, მისი მოიერიშე თვითმფრინავი თურქულმა F-16-მა ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო სივრცეში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ერევანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მოიერიშე, სომხეთის საჰაერო ძალების, Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო თურქეთის გამანადგურებელმა, F-16-მა, სომხეთის საჰაერო სივრცეში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ   მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. თურქეთმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, იტყობინება „ბი-ბი-სი“.  ანკარამ განაცხადა, რომ ცნობა „სრულ სიცრუეს“ წარმომადგენს. სომხეთის განცხადება გავრცელდა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის, აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი, მთიანი ყარაბაღის გარშემო მესამე დღეა მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება, რასაც 29 სექტემბერს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამინდელი კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო ყველაზე  მძაფრია 2016 წლის შემდეგ. კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია საფრთხეს შეიცავს იქ გამავალი საერთაშორისო მილსადენების გამოც.   აზერბაიჯანის და სომხურ ძალების გამყოფი, ე.წ. საკონტაქტო ზოლის, მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ გრძელდება დაპირისპირება, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, „განსხვავებული ინტენსიურობით“. გაეროს უშიშროების საბჭო 29 სექტემბერს საგანგებო შეხვედრას მართავს, რათა იმსჯელოს  კონფლიქტის  გარშემო, რომელშიც შეიძლება ჩაერიონ რეგიონული ძალები, რუსეთის და თურქეთი. თურქეთი სრულად არის მზად დაეხმაროს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაში, განაცხადა 29 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლმა, ფაჰრეთინ ალთუნმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლიუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში სტუმრობისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად დაასახელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან სომხეთის გასვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, თავის კოლეგას, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაუს-გეორგიოს დენდიას შეხვდა, განაცხადა, რომ მან და მასპინძელმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილეებს მიმართეს, შეწყვიტონ ბრძოლა და ითანამშრომლონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებას. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მხარეებს „მოუწოდა სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ“, როცა ის ტელეფონით ესაუბრა ორივე ქვეყნის ლიდერებს, განაცხადა მერკელის პრეს-მდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა.   აზერბაიჯანის კუთვნილი, უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელოს, ომი ჰქონდათ მეზობელ სახელმწიფოებს 1990-იან წლებში, როცა სომხურმა ძალებმა დაიკავეს რეგიონი და მისი მიმდებარე არეალი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30864876.html #ახალი_ამბები #twitter