კანადურმა ბრენდმა პანდემიის შესაფერისი სამუშაო კოლექცია გამოუშვა

Tbilisi Daily

შარვალ-კოსტიუმი დიდხანს ითვლებოდა ყველაზე შესაფერის ოფიციალურ სამოსად, თუმცა 2020 წელს სხვა ბევრი რამის მსგავსად ამ მოცემულობამაც განიცადა ცვლილება. ბოლო თვეების განმავლობაში უმეტესი ჩვენგანის სამუშაო თუ სასწავლო პროცესის ძირითადმა ნაწილმა ოფისებიდან და უნივერსიტეტებიდან სახლებში გადმოინაცვლა, რასაც, ალბათ, იმდენივე უარყოფითი ეფექტი აქვს, რამდენიც დადებითი. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ყოველ დილით ნაკლებად გვიწევს ფიქრი, თუ რა ჩავიცვათ დღეს. ყოველ შემთხვევაში, წელს ქვევით მაინც... ამ მოცემულობის საპასუხოდ კანადურმა ტანსაცმლის ბრენდმა Henri Vézina სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც ახალ კოლექციას "სახლიდან მუშაობა" გვაცნობს. კანადური ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო ფოტოები ვებგვერდზე Ads of the World გამოჩნდა და მის შექმნაზე სარეკლამო კომპანია Dentsu-მ იმუშავა. როგორც ხედავთ, ახალი კოლექცია წარმოგვიდგენს კაც მოდელებს, რომელთაც პირდაპირი გაგებით ნახევრად ფორმალური სამოსი აცვიათ.