გაეროს უკრაინაში დადასტურებული აქვს 4 481 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4500-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დადასტურებულ შემთხვევებზე. ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად. ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. უკრაინის ბევრი რაიონიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. მათ შორის დასახელებულია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში მოკლულია 20 ათასამდე სამოქალაქო პირი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31902197.html

Source: radiotavisupleba.ge